საქართველოში 80 120 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი არ გაუძვირდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 80120 სესხია გაცემული.

მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. სებ-მა რეფინანასირების განაკვეთი 6,5%-ზე დატოვა, შესაბამისად მსესხებლების საპროცენტო განაკვეთი იგივე დარჩა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მონეტარული პოლიტიკა არ შეარბილა. სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, რეფინანსირების განაკვეთის 6.5%-ის ნიშნულზე შენარჩუნება საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკებს უკავშირდება.

2018 წლის დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7%-ზე დატოვა. 2019 წლის მარტში 0,25 პუნქტით 6,75%-მდე შეამცირა, ხოლო 2019 წლის მარტში კიდევ 0,25 პუნქტით 6.50%-მდე. 

დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 3,916 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 მარტიდან 1 აპრილამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 3450-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 3672.8 მილიონიდან 3916 მილიონ ლარამდე.

80120 ხელშეკრულებიდან 21730 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 424.69 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აპრილის მდგომარეობთ 14.19% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები.

რეფინანსირების განაკვეთზე 1 აპრილის მონაცემებით 28210 სესხია მიბმული, საშუალოდ 9.77%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1173.77 მილიონი ლარია.

26480 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2080.70 მილიონი ლარია.

აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 740.80 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.20%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აპრილის მონაცემებით 1339.90 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აპრილის მონაცემებით 880 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 14.210 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 18.45%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2820 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 222.70 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 აპრილის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 33.77%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1730.5 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 13.14%-დან 11.7%-მდეა შემცირებული.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ინფლაციის მიზნობრივ დონესთან სიახლოვის, დადებითი საგარეო მაჩვენებლებისა და საბანკო პორტფელის ზრდის პირობებში, რეფინანსირების განაკვეთის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნება მოსალოდნელი იყო:

„მიუხედავად მარტის თვეში დაფიქსირებული ინფლაციის მიზნობრივზე მაღალი მაჩვენებლისა (3.7%), რაც თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდით იყო გამოწვეული, მოსალოდნელია მომდევნო თვეებში ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულთან (3%) დაახლოება“ -ნათქვამია „საზოგადოება და ბანკების“ მიმოხილვაში. 

თარიღი: 2019/05/02