"ყვავილების ფესტივალი" ბაქოში - სანახაობა, რომელიც სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის მთელ დედაქალაქს მოიცავს
"ბიზნესპოსტი" აგრძელებს რუბრიკას მოგზაურებისა და ტურისტული კომპანიებისთვის და დღეს მის ფარგლებში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს "ყვავილების ფესტივალზე" ვისაუბრებთ. 

აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო თანამედროვეობისა და ისტორიის ერთგვარი ნაზავია. კასპიის ზღვის აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქში შეხვდებით, როგორც ძველი არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშებს, რომლებიც საუკუნეებს ითვლის, ასევე 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელ თანამედროვე სტილის შენობებს. 

შესაბამისად, ბაქო მთელი მსოფლიოდან საკმაოდ ბევრ ტურისტს იზიდავს. მის გამორჩეულ ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ მარშუტებს მომდევნო პუბლიკაციებში გაგაცნობთ, დღეს კი ბაქოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფესტივალზე "ყვავილების ფესტივალზე" ვისაუბროთ, რომელიც სულ რამდენიმე დღეში - გაიმართება.

ულამაზესი ფესტივალი 2004 წელს დაარსდა, მას შემდეგ ის ყოველ წელს სამი დღის განმავლობაში -  8-დან 10 მაისის ჩათვლით ტარდება. როგორც წესი, ბაქო ყვავილების ფესტივალისთვის ყოველ წელს განსაკუთრებულად ემზადება.  აზერბაიჯანის დედაქალაქს სპეციალურად ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი ტურისტი სტუმრობს. 

თავდაპირველად ფესტივალი ჰეიდარ ალიევის სახელობის  პარკში ტარდებოდა და ყვავილების კომპოზიციის გამოფენით აღინიშნებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ფესტივალი გაცილებით მასშტაბური გახდა და მან მთელი ქალაქი მოიცვა. როგორც ცნობილია, ყვავილების კომპოზიციებისთვის მაგალითად მხოლოდ ვარდს 2 მილიონზე მეტს იყენებენ. სპეციალურად ფესტივალისთვის სხვადასხვა ჯიშისა და სახეობის ყვავილები ბაქოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩააქვთ. ბოლო პერიოდში ფესტივალი ეკოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლასაც მოიცავს და ყვავილების გამოფენის გარდა, მის დარგვასაც გულისხმობს. 

ფესტივალის ფარგლებში ფოლკლორული კონცერტები იმართება, ხოლო სამდღიანი ულამაზესი გამოფენა ფეირვერკით სრულდება. 

ბაქოში წლის ამ პერიოდში, სპეციალურად ყვავილების ფესტივალისთვის საქართველოდან ტურებს უმარავი ტურისტული კომპანია ახორციელებს. 

                               

თარიღი: 2019/05/03