ტურიზმის სფეროდან შემოსავალი მატულობს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტურისტული სექტორის შემოსავლების ზრდა ოთხწლიან მინიმუმამდე არის შემცირებული. სებ-ის მონაცემებით, იანვარ-მარტში საქართველოში უცხოელმა ვიზიტორებმა $578 მილიონი დოლარი დახარჯეს. ეს 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით მეტია. ზრდის ეს ტემპი 2015 წლის მეორე კვარტლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტურისტული სექტორის შემოსავლების ზრდა საშუალოდ 10%-ზე მაღალი იყო. 

"2019 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 578 მლნ აშშ დოლარი შედგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემზე 5%-ით მეტია. 2018 წლის მეორე ნახევრიდან ტურისტული შემოსავლების ზრდის ტემპის შენელება რეგიონის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების კლებით აიხსნება (ძირითადად, თურქეთი და ასევე ირანი) და მოსალოდნელია, რომ 2019 წლის მეორე ნახევარში ზრდის ტემპი შედარებით დაჩქარდება.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდა დაკავშირებულია საერთაშორისო მოგზაურების გრძელვადიანი ვიზიტების (განსაკუთრებით, ტურისტების) მომატებასთან. 2018 წელს საერთაშორისო ვიზიტორების აქტიურობა გაიზარდა არა მარტო გართობა-დასვენების, არამედ ბიზნესი/პროფესიული საქმიანობის ვიზიტების თვალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვნადაა მომატებული განმეორებითი ვიზიტები ოჯახის წევრებისა და ნათესავების თანხლებით. 2019 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 1.1%-ით გაიზარდა და მათ უმეტესობას (64%) ტურისტები შეადგენდნენ. აღნიშნულ პერიოდში მეზობელი ქვეყნებიდან - აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოსულმა ვიზიტორებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მთლიან ზრდაში როგორც რაოდენობის, ასევე ტურისტული შემოსავლების კუთხით. რაც შეეხება თურქეთსა და სომხეთს, ვიზიტორების რაოდენობის ზრდაში მათი წვლილი უარყოფითია. დანარჩენი ქვეყნებიდან ვიზიტორების ზრდით გამოირჩეოდა ისრაელი, ასევე ევროკავშირის ქვეყნები, განსაკუთრებით პოლონეთი", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში. 

თარიღი: 2019/05/10