თურქული ლირა დოლართან მიმართებაში ვარდნას განაგრძობს
Reuters-ის ინფორმაციით, $1-ის ღირებულებამ 6.24 ლირას მიაღწია. მსგავსი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის სექტემბერში დაფიქსირდა. მას შემდეგ თურქეთის ეროვნული ვალუტა დასტაბილურობის პროცესში იყო. ერთი კვირის წინ ლირის კურსი 5.96-ს შეადგენდა. 

შეგახსენებთ, რომ ამჯერად ლირის მიმართ ნდობის შესუსტება თურქეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. 31 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერდოღანის პარტიამ სტამბოლში ოპოზიციის კანდიდატთან წააგო. ქვეყნის საარჩევნო უწყებამ კი, ეს შედეგები გააუქმა და ხელახალი კენჭისყრა დანიშნა. შედეგად, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა გაიზარდა. 

2018 წელს კი თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაძაბვამ გამოიწვია. 

ცნობისთვის, თურქეთში ამ ეტაპისთვის ინფლაციის მაჩვენებელი 20%-ს აღემატება, ქვეყანაში ყველა სახის პროდუქციაზე ფასები გაზრდილია. 

ანალიტიკოსები პროცესების გამწვავებას პროგნოზირებენ. მათი ვარაუდით, თურქეთის ეკონომიკური პრობლემები შესაძლოა სხვა ქვეყნებისთვისაც გადამდები აღმოჩნდეს.

თარიღი: 2019/05/10