„ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულზე მეტად ზრდა მიწოდების მხრიდან მოქმედ ერთჯერად ფაქტორებს უკავშირდება"
მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი, ინფლაციის რისკების გასანეიტრალებლად, გასული წლის პირველ ნახევარში ზომიერად გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებდა, ინფლაციის 3%-იან მიზნობრივ ნიშნულამდე შემცირებისა და მის ფარგლებში დარჩენის კვალდაკვალ, გასული წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო გამკაცრებული ნიშნულიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის მაისის მონეტარულ ანგარიშშია საუბარი.

თავის მხრივ, მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზი ასევე ითვალისწინებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაღმავალ ტრაექტორიას საშუალოვადიან პერიოდში. ამასთან, აღსანიშნავია ბოლო პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულზე მეტად ზრდა, რომელიც მიწოდების მხრიდან მოქმედ ერთჯერად ფაქტორებს უკავშირდება.

მიწოდების შოკებზე ცენტრალური ბანკები, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკი, არ რეაგირებენ, მათი დროებითი ხასიათიდან გამომდინარე, თუმცა, თუკი მიწოდების შოკი იმდენად დიდი იქნება, რომ შესაძლოა, გამოიწვიოს გრძელვადიანი ინფლაციის მოლოდინების ზრდა, მაშინ ამაზე ეროვნულ ბანკს შესაბამისი რეაგირება ექნება.

ამ ეტაპზე პოლიტიკის ნორმალიზაცია (ნეიტრალურ დონემდე შემცირება) კვლავ დღის წესრიგში დგას და წინა პროგნოზის მსგავსად, იგი მხოლოდ ეტაპობრივად, მომდევნო ორი წლის მანძილზე, მოხდება. პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალური დონე, არსებული შეფასებით, 5.5-6%-ის ფარგლებშია.

თარიღი: 2019/05/11