პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ძალიან ბევრი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სიაშია
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გაჩნდა ძალიან ბევრი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სენაკში, აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლამდე განაცხადა:

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მსურს დავარწმუნო ქართული საზოგადოება, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი. უფრო მეტიც, ჩვენ შევძელით, აღნიშნული პროექტი გაჩნდა ძალიან ბევრი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სიაში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ ამ პროექტის რეალიზაცია უმოკლეს ვადაში. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები გრძელდება კრედიტორებთან, მათ შორის, კონსორციუმს, მის აქციონერებს აქვთ კონკრეტული ვალდებულები შესასრულებელი. მე ვიტყოდი, რომ დღეს ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ კონკრეტულ შედეგზე. კონკრეტული შედეგი ჩვენთვის ეს არის -მშენებლობის დაწყება, დაწყება სწრაფი ტემპებით, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში საქართველომ მიიღოს ღრმაწყლოვანი პორტი, რათა შევძლოთ ჩვენი ტრანზიტული პორტის სრულფასოვანი ტრანზიტული ფუნქციის რეალიზაცია. ეს არის დამოკიდებული ვალდებულების შესრულებაზე, ეს არის დამოკიდებული იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც დღესაც მიმდინარეობს“, – განმარტა მამუკა ბახტაძემ.

თარიღი: 2019/05/11