AMAZON-ი თანამშრომლების რობოტებით ჩანაცვლებას გეგმავს
ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Amazon-ი ინოვაციურ პროექტზე მუშაობს. 

კომპანია რობოტებს ტესტავს, რომლებიც ადამიანებს ჩაანაცვლებენ. 

როგორც ცნობილი ხდება, ე.წ. შესაფუთი მანქანები საათში 700 ამანათს დაახარისხებენ და შეფუთავენ, რაც ადამიანის მუშაობის პროდუქტიულობას 5-ჯერ აღემატება. 

Amazon-ისთვის რობოტების შექმნაზე იტალიურმა კომპანია CMC-იმ იზრუნა. ერთი რობოტის შექმნა 1 მილიონი დოლარი ჯდება, Amazon-მა კი, თავდაპირველად, გასატესტად 24 რობოტი შეიძინა. 

რობოტები არა მხოლოდ Amazon-ის ამერიკულ საწყობებში, არამედ - მილანში, მანჩესტერში, ამსტერდამსა და ფრანქფურტშიც გაიტესტება. იმ შემთხვევაში, თუ მათი მუშაობა წარმატებული აღმოჩნდება, ინტერნეტ პლატფორმა სამომავლოდ კომპანიის 55 ფილიალში 1300 თანამშრომლის რობოტით ჩანაცვლებას გეგმავს. 

როგორც დასავლური მედია იუწყება, რობოტებში ჩადებულ ინვესტიციას Amazon-ი ორ წელიწადში ამოიღებს, რადგან რობოტებს ადამიანებისგან განსხვავებით, არც დასვენება სჭირდებათ და არც ხელფასს ან საშობაო დანამატს იღებენ.

თარიღი: 2019/05/16