„გაყიდვები შემცირდა“ - როგორ აფასებს სამშენებლო სექტორი საბანკო რეგულაციების გავლენას
2019 წლიდან ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის სესხების გაცემის ახალი რეგულაციები მოქმედებს. რეგულაციების ძალაში შესვლამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ფინანსური გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა.

„ბიზნესპოსტის" პარტნიორი კომპანია „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენსკაუკასუსმა“ ბინის შეძენასთან დაკავშირებული საბანკო რეგულაციების შესახებ, თბილისის მასშტაბით, 400 რესპონდენტი გამოკითხა.

გამოკითხულთა მხრიდან მთავარ დაბრკოლებად სესხების გართულებული გაცემა დასახელდა (38%). რესპონდენტების მიერ დასახელებულ სხვა დაბრკოლებებს შორისაა დოლარის კურსის აწევის გამო გაძვირებული სესხები (8%), სესხის ლიმიტის შემცირება (4%), მაღალი შემოსავლის მოთხოვნა (4%) და სხვ.

„ბიზნესპოსტი“ აღნიშნული თემასთან დაკავშირებით სამშენებლო სფეროს წარმოამდგენლებსაც დაუკავშირდა. როგორც King David-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ნინი მარიამიძემ განგვიცხადა, რეგულაციებმა მაღალი შემოსავლების მქონე სეგმენტზე გავლენა ნაკლებად იქონია:

„მივიჩნევთ, რომ საბანკო სექტორში განხორციელებული რეგულაციები, ზოგადად, სამშენებლო სფეროზე, რა თქმა უნდა, აისახა, რადგან გართულდა იპოთეკური სესხების გაცემა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ რეგულაციებმა გავლენა ნაკლებად იქონია მაღალი შემოსავლების მქონე სეგმენტზე. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ King David-ის კომპლექსში გაყიდვები რეგულაციებიდან გამომდინარე შემცირდა.“- აღნიშნა მარიამიძემ.

„აქსისის“ გაყიდვების სამსახურის უფროსის, გიორგი წილოსანის განმარტებით, საბანკო რეგულაციები სამშენებლო სფეროზე ნამდვილად აისახა:

„კლიენტების ნაწილს საბანკო რეგულაციებმა ნამდვილად შეუშალა ხელი - ბინის შესაძენად სესხი არ დაუმტკიცდათ. თუმცა ჩვენი დაკვირვება რიცხვებზე დაფუძნებული არ არის, რადგან ეს ცოტა რთულად დასათვლელია - მომხმარებელთა ნაწილი არა ჩვენთან, არამედ პირდაპირ ბანკში მიდის სესხის ასაღებად და ამიტომ ზუსტად არ ვიცით რამდენმა მიიღო უარი. გაყიდვების შემცირება კი აშკარად შეიმჩნევა, მაგრამ ეს მხოლოდ საბანკო რეგულაციებს არ უკავშირდება. მიზეზებს შორის შესაძლებელია ლარის კურსი და უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის გართულებაც დავასახელოთ“. - განმარტა წილოსანმა „ბიზნესპოსტთან“.

შეგახსენებთ, რომ საბანკო რეგულაციების მიხედვით, კომერციული ბანკებისთვის სესხის გაცემის პროცედურა გამკაცრდა.

კერძოდ, კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. იმისათვის, რომ ფიზიკური პირის შემოსავალი ჩაითვალოს გაანალიზებულად, ბანკში წარდგენილ უნდა იქნეს სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან ან ცნობა შემოსავლების სამსახურიდან.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ როგორც ექსპერტები აფასებენ, საბანკო სექტორში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგულაციები დამკვიდრდა, რომელიც გრძელვადიან პერიოდში ჯანსაღ შედეგებს გამოიწვევს. 

ავტორი:
თარიღი: 2019/06/12