გაჭირვებიდან და დამცირებიდან  მულტიმილიარდერობამდე ​- რა გზა განვლო მეცნიერმა, რომელიც ახალ სამყაროს ქმნის? 
თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი მეცნიერი, წარმოუდგენელი იდეებისა და წარმოსახვის მქონე ილონ მასკი რამდენიმე გიგანტური კომპანიის მფლობელია.

მულტიმილიარდელი მეცნიერი ავტოინდუსტრიის რევოლუციონერია. მისი მიზანია შიდაწვისძრავიანი მანქანები ელექტრონულით ჩაანაცვლოს. მისი TESLA ამერიკის ბაზრის ლიდერი გახდა. Tesla Model S 5.4 ვარსკვლავიანი უსაფრთხოების მაჩვენებელი აქვს, რაც ავტომობილს უსაფრთხოებაში ყველაზე დიდი შეფასებაა. ტრანსპორტირების მიმართულებით მასკს TESLA-ს რევოლუციები არ ჰყოფნის და ვაკუუმური ტრანსპორტი განავითარება სურს. ​ის ფლობს BoredCompany-ს ​, რომელიც აშენებს სპეციალურ რელსიან გვირაბებს მანქანებისთვის. Hyperloop-ის (ვაკუუმური ტრანსპორტი) მატარებლის პირველი რეისი 2020 წლისთვის არის დაგეგმილი. მეცნიერის თქმით, მატარებელი მგზავრებს ლოს-ანჯელესიდან სან-ფრანცისკოში 30 წუთში გადაიყვანს. 

მისი კომპანია SpaceX სარაკეტო ბიზნესის წარმოებაში ლიდერია. მან პირველმა განახორციელა გაშვებული რაკეტის წარმატებული დაშვება. კომპანია კოსმოსურ ხომალდებსა და რაკეტებს აწარმოებს. მასკი 2025 წელს Mars Colonial Transporter-ით მარსზე ადამიანის გაშვებას აპირებს. ამჟამად მარსის ბილეთი 500 000 დოლარი ღირს. მასკის მიზანია მაქსიმალურად შემცირდეს კოსმოსში მოგზაურობის ხარჯები, რადგან ყველა მსურველმა შეძლოს დედამიწიდან გამგზავრება. მას „წითელი პლანეტის" სრული კოლონიზაცია აქვს დაგეგმილი. 

უფასო, სწრაფი ინტერნეტი მთელ დედამიწას - ეს მასკის კიდევ ერთი გეგმაა. მას კოსმოსში ათასობით პატარა სატელიტების განთავსება სურს, რომლითაც მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მთელ დედამიწაზე გაუშვებს. თანამედროვეობის ყველაზე ხმაურიანი მეცნიერი თავისი იდეის განხორციელებაში იმდენად დარწმუნებულია, რომ უფასო Wi-Fi-ის პაროლი უკვე გაამხილა: martians ("მარსელები"). 

ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტიტაც დაინტერესებულია. ის კომპანია Open AI-ის თანადამფუძნებელია. მისი აზრით, ადამიანის ორგანიზმში ხელოვნური ინტელექტის ტრანსპლანტირება შესაძლებელია. ასე რომ თუ მეცნიერს დავუჯერებთ „მომავლის ადამიანს" კომპიუტერის ტვინი ექნება. 

მასკი ასევე  მზის ელემენტების მწარმოებელი მაგნატის - Solarcity-ის საკონტროლო პაკეტს ფლობს, რომელიც თავის ბიძაშვილის მიერაა დაარსებული. 

„იდეების გენერატორს" ყურადღების მიღმა არც ჯანდაცვის სფერო რჩება. ამ მიმართულებით მისი საფიქრალი განუკურნებელი ნეიროდაავადებების განკურნებაა. 



ილონ მასკს თავის ყველა კომპანიაში ჯამურად კვირაში 100 საათიანი სამუშაო გრაფიკი აქვს. 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის თანამედროვეობის უდიდესი ფიგურაა. ბუნებრივია, ასეთი დიდი წარმატება იოლად არასდროს მოდის, თუმცა მეცნიერს, რომელიც ახალ სამყაროს ქმნის, წარმოუდგენლად რთული, წინააღმდეგობებითა და ტკივილით სავსე ცხოვრება აქვს განვლილი. მას მძიმე პერიოდის გადატანა უწევდა, როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში. 

ყველაფერი კი სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიაში დაიწყო - ილონ მასკი სამყაროს ​1971 წლის 28 ივნისს ინჟინერისა და მოდელის ოჯახში მოევლინა. 

3 წლის ასაკში არაოდინალურობა ​ეტყო. გათიშული ქცევის გამო სმენადაქვეითებული ჰგონიათ და ადენოიდებს აჭრიან. 

8 წლის ასაკში ბიბლიოთეკაში წაუკითხავი წიგნი აღარ აქვს და მთლიანად კითხულობს Encyclopedia Britannica-ს

9 წლის ასაკში მისი მშობლები შორდებიან. ის მამასთან ცხოვრებას ირჩევს. მოგვიანებით ამ პერიოდს "უბედურებად" იხსენიებს. ის მამამისს თავის შვილებს დღემდე არ აცნობს. სამხრეთ აფრიკაში გაჭირვებული ბავშვობა ჰქონდა. სკოლაში კი ბულინგის მსხვერპლი იყო. ის რამდენჯერმე დააგორეს კიბიდან, ერთხელ კი ისე სცემეს, რომ საავადმყოფოშიც მოხვდა. 

12 წლის ასაკში თვითნასწავლი პროგრამისტი ხდება. basic-ის 6 თვიან კურსს სამ დღეში სწავლობს. წერს ვიდეოთამაშ Blastar-ს, რომელსაც 500 დოლარად ყიდის. 

14 წლის ასაკში კითხულობს იუმორისტული სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშს  ​დაგლას ადამსის „ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“, რომელიც დღემდე მის უსაყვარლეს წიგნად რჩება. მისი წაკითხვის შემდეგ მასკ ისახავს ცხოვრების მთავარ მიზანს - გადაარჩინოს კაცობრიობა. 

17 წლის ასაკში დედის დახმარებით იღებს კანადის მოქალაქეობას და საცხოვრებლად იქ გადადის, რადგან შემდგომში აშშ-ში ცხოვრებაც შეძლოს. მუშაობას იწყებს დანადგარების მწმენდავად, მისი ანაზღაურება 18 დოლარია და ნათესავთან ცხოვრება უწევს. 

18 წლის ასაკში ონტარიოს კოლეჯში სწავლას იწყებს. ერთ-ერთი ბანკის დირექტორი სტაჟირებას სთავაზობს. სულ მალევე ყველს უმტკიცებს, რომ საბანკო სფეროს ნამდვილი გენიოსია. 

23 წლის ასაკში პენსილვანიის უნივერსიტეტში იღებს ხარისხს ეკონომიკასა და ფიზიკაში. აბარებს სტენფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, თუმცა 2 დღეში სწავლას წყვეტს, რადგან მთელი დრო თავის პროგრამებსა და ინტერნეტბიზნესს დაუთმოს. 

25 წლის ასაკში მასკი ძმასთან ერთად აარსებს Zip2-ს. მას სილიკონ ველის ინვესტორები აფინანსებენ. ამავე პერიოდში მამამ საქმისთვის მისცა 28 000 დოლარი. პირველი სამი თვის განმავლობაში მასკს კომპანიის ოფისში სძინავს, შხაპს კი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის“ აბაზანაში იღებს. მიუხედავად იმისა, რომ დამატებით ინვესტიციებს იზიდავს, კომპანია მაინც ვერ ამართლებს. ინვესტორები მას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ტექნიკურ დირექტორად აქვეითებენ, შემდგომ კი Zip2-ი საერთოდ იყიდება, საიდანაც მასკი 22 მილიონ დოლარს იღებს. თავის ფულით აარსებს ონლაინბანკ X.com-ს, რომელსაც მოგვიანებით PayPal-ად გადააკეთებს. 

29 წლის ილონ მასკი პირველად ქორწინდება კოლეჯის შეყვარებულზე. თაფლობის თვეში ყოფნისას ხსნიან PayPal-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან, ავადდება მალარიით და კინაღამ იღუპება. გადაის საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში, რადგან ახლოს იყოს კოსმოსის ინდუსტრიასთან, ცდილობს რუსეთისგან შეიძინოს რაკეტები, თუმცა მოლაპარაკებები არ გამოსდის. ამით აფუძნებს საკუთარ კომპანია SpaceX, რათა რაკეტები თავად აწარმოოს. 

31 წლის ასაკში უჩნდება პირველი შვილი ნევადა ალექსანდერი, რომელიც 3 თვეში უკვდება. ამავე პერიოდში იყიდება PayPal და აღებული ფულით იწყებს ელექტრომანქანების წარმოებას. ხვდება კომპანია Tesla-ს დამფუძნებლებსა და ელექტრომანქანების ენთუზიასტს ჯი ბი სტრობელს და თავის იდეებს ხორც მათთან ერთად ასხამს. ამავე პერიოდში ხელოვნური განაყოფიერების შედეგად უჩნდება 2 ტყუპი ბიჭი. 

35 წლის ასაკში უშვებს პირველ რაკეტას, რომელიც ფეთქდება. ამავე წელს მოიგებს Nasa-ს კონკურსს, დებს კონტრაქტს, რათა ააგოს Falcon 9. ასევე პირველი ქორწინებიდან უჩნდება სამი ტყუპი ვაჟი. 

37 წლის ასაკში უმძიმესი პერიოდი უდგება. რაკეტის მესამე გაშვებაც კრახით სრულდება, ნადგურდება 4 სატელიტი, მათ შორის Nasa-სი, SpaceX და Tesla ფინანსურ კრიზის განიცდიან, უსწარაფესად კარგავენ კაპიტალს, მასკი გაკოტრებამდე რამდენიმე საათით ადრე ახერხებს ინვესტიციის მოზიდვას. ამავე წელს შორდება ცოლს. 



39 წლის ასაკში მეორედ ქორწინდება თალულა რაილიზე, მას ორ წელში შორდება და დაშორებიდან ერთ წელში ცოლად ხელახლა ირთავს. ამავე პერიოდში წარადგენს Tesla Model S, მოგვიანებით კი ჯიპის ტიპის Model X. მისი ელექტრომანქანების კომპანიის აქციების ფასი რეკორდულად იმატებს.

45 წლის მასკი უმნიშვნელოვანეს წარმატებას აღწევს კოსმოსის ფლანგზეც. უშვებს უდიდეს რაკეტას Falcon Heavy. წარმოებას იწყებს პირველი GIgafactory. მიმდინარე წლის თებერვალში თავის წითელ Tesla-ს უშვებს კოსმოსში. 

ადამიანი რომ თვითონ ჰქმნის თავის ბედს, ილონ მასკი ამის შესანიშნავი მაგალითია. მიზნისთვის ბრძოლას, თუნდაც გაჭირვებასა და დამცირებაში გვიწევდეს ცხოვრება, აზრი ყოველთვის აქვს. მაშინაც კი, როდესაც ჩვენი მიზნები ყველას სიგიჟედ ეჩვენება. საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა ხომ ჩანაფიქრის განხორციელების ნახევარის ტოლფასია. 

ორი დღის წინ ილონ მასკს 47 წელი შეუსრულდა. ის „გიჟურ" იდეებსა და მათი რეალიზების რწმენის ნაკლებობას არც ახლა უჩივის, თუმცა მეცნიერის უმთავრესი საზრუნავი მარსის კოლონიზაციაა. ის გვპირდება, რომ „წითელ პლანეტაზე" მის სიცოცხლეში აუცილებლად გავემგზავრებით: „ბედნიერი მანამ ვერ ვიქნები, სანამ დედამიწიდან არ გავიქცევით და მარსის კოლონიზაციას არ მოვახდენთ” 

 

თარიღი: 2018/06/30