რომელი მიმართულებებია ყველაზე პოპულარული ქართველ ტურისტებში? – ტუროპერატორების პასუხები 
"ქართველი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულება ევროპის ქალაქებია" - ამის შესახებ ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ.

მათი თქმით, მომხმარებლების უმრავლესობა ევროპის ქალაქებს იმიტომ ირჩევს, რომ შედარებით იაფი ჯდება.

როგორც "GASA"-ში აცხადებენ, ქართველი ტურისტები ზღვის სეზონზე ანტალიას ირჩევენ, რადგან ფასები ბათუმზე უფრო დაბალია.

"ყველაზე ტრენდული მიმართულებებია ბარსელონა, რომი, პრაღა, ათენი და ამსტერდამი. ზღვის სეზონზე განსაკუთრებით პოპულარულია ანტალია, რადგან იქ ბათუმზე უფრო დაბალი ფასებია. მომხმარებელის უმრავლესობა უპირატესობას უფრო დაბალ ფასიან მიმართულებას ანიჭებს" - ამბობს "GASA"-ს მარკეტინგის მენეჯერი ლევან ბერუაშვილი.

"ფრეშ თრაველში" ამბობენ, რომ ევროპის ქალაქებთან ერთად დიდი პოპულარობით კაბადოკია და ბაქო სარგებლობს.

"ევროპის ქალაქებთან ერთად, ყველაზე პოპულარული მიმართულება ბაქო და კაბადოკიაა. პირველ რიგში, იმიტომ რომ ყველაზე იაფი ტურებია. ძირითადად ექსკურსიები აქ ტარდება, ჩვენ ჯგუფური ტურები გვაქვს პროგრამულად. ევროპაც სასურველი მიმართულებაა, მაგრამ ფასი შედარებით ძვირია და შესაბამისად ჯგუფური ტურებში ნაკლები ადამიანია, ვიდრე ბაქოსა და კაბადოკიაში" - აცხადებს "ფრეშ თრაველის" დირექტორი გოჩა ხვიჩია.

"გლობალ თრეველი" კი მომხმარებლების სასურველ მიმართულებად ანტალიასა და ეგვიპტეს ასახელებს, რადგან შედარებით ბიუჯეტურია და ამასთან ის სრულ პაკეტს მოიცავს, კვებას და სხვადასხვა სერვისს.



რაც შეეხება კომპანია "გაიცანი საქართველოს", რომელსაც საზღვარგარეთის გარდა შიდა ტურებიც აქვს, მისი დირექტორის ნიკა ჯმუხაძის განცხადებით, ქართველ მოგზაურობის მოყვარულებში შიდა ტურისტული ადგილებიც საკმაოდ პოპულარულია, რაც შეეხება საზღვარგარეთის ტურებს, ქართველებში ყველაზე პოპულარულ ქალაქებად – რომს, ბარსელონას, პრაღას, ვენასა და პარიზს ასახელებს. 

 

თარიღი: 2019/06/07