ბავშვობა წყლისა და დენის გარეშე და „ნაცრიდან" შექმნილი ტექნოლოგიური კომპანიები - $ 5 მილიარდიანი ფირმის ბოსის დაუჯერებელი ცხოვრება
სტიუარტ ბატერფილდმა ტექნოლოგიური კომპანიების: FLICKR-ისა და SLACK-ის დაფუძნებამდე საკმაოდ რთული და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება განვლო.

სილიკონ ველის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის ბავშვობა სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც თქვენ შესაძლოა წარმოიდგინოთ.
ცხოვრების პირველი ხუთი წელი სტიუარტმა შორეულ კანადაში, ერთ-ერთ კომუნაში გაატარა, რადგან მამამისმა ვიეტნამის ომში მსახურების თავიდან ასაცილებლად აშშ მიატოვა. პატარა სტიუარტი და მისი მშობლები სამი წლის განმავლობაში ტყეში, ხის ქოხში, წყლისა და ელექტროობის გარეშე ცხივრობდნენ.


„ჩემი მშობლები ნამდვილად ჰიპები იყვნენ“- იხსენებს მოგვიანებით ბატერფილდი, რომელსაც მშობლებმა დარმა შეარქვეს. უმძმესი საცხოვრებელი პირობების გამო, ოჯახს ბრიტანული კოლუმბიის დედაქალაქ ვიქტორიაში მოუწია გადასვლა. სწორედ იქ ნახა 7 წლის სტიუარტმა პირველი კომპიუტერი და პირველი პროგრამაც ასეთ მცირეწლოვან ასაკში თავად შექმნა.


თითქოს წარმოუდგენელია, რომ ეს პატარა გენიოსი, რომელიც ტყეში ელექტროობის გარეშე გაიზარდა ვებსაიტ Flickr-ისა და ბიზნესშეტყობინებების მომსახურების -Slack-ის დამაარსებელია და $ 650 მილიონად შეფასებული პირადი ქონების პატრონია.
სტიუარტი თავის წარმატებას იღბალსაც მიაწერს, თუმცა თვლის, რომ ბევრი მნიშვნელოვანი თვისება უჩვეულო და სირთულეებით სავსე ბავშვობისას შეიძინა.


12 წლის ასაკში დარმამ სახელი სტიუარტად გადაიკეთა და კომპიუტერული თამაშების შექმნა ისწავლა, თუმცა კომპიუტერების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი სკოლის ასაკშვივე გაუქრა და მომავალ პროფესიად სულ სხვა მიმართულება აირჩია. მან სწავლა ვიქტორიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ კემბრიჯის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც მაგისტრის წოდება მიენიჭა.
1997 წელი მის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ფილოსოფიის პროფესორობაზე მეოცნებე სტიუარტს უბრუნდება კომპიუტერისადმი განსაკუთრებული ინტერესი. ყველაფერს თავს ანებებს და მთელ თავის დროსა და ენერგიას კომპიუტერებს უძღვნის.


რამდენიმე წლის განმავლობაში ვებდიზაინერად მუშაობის შემდეგ, 2002 წელს, სტიუარტი თავის მომავალ მეუღლესთან და ასევე Flickr-ის თანადამფუძნებელთან ერთად, ონლაინთამაშს ქმნის.


თამაშმა სახელად Game Neverending-ი ვერ გაამართლა და წყვილი ყოველგვარი სახსრების გარეშე დარჩა. ამ დროს კი მათ უეცრად Flickr-ის დაარსების იდეა მოუვიდათ და სულ რაღაც სამ თვეში ფოტო-გაზიარების პლატფორმა შექმნეს.


2004 ვწელს დაარსებული Flickr-ი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელიც ფოტოების ატვირთვის, გაზიარების, სხვების მონიშვნისა და კომენტარების დაწერის საშუალებას აძლევდა მომხმარებელს. სულ რაღაც ერთ წელში კი მათ საკუთარი კომპანია ინტერნეტ იგანტ Yahoo-ს $25 მილიონად მიჰყიდეს.

2009 წელს სტიუარტმა პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთი ონლაინთამაში შექმნა, რომელიც წინამორბედის მსგავსად ჩაიშალა, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, ეს მარცხი მისი გარდასახვის მიზეზი გახდა და გენიალური იდეის წინაპირობადაც იქცა.


სწორედ ამ „წარუმატებელ“ თამაშზე მუშაობისას მან პარტნიორებთან ერთად შიდა კომუნიკაციის სისტემა განავითარა, რაც მოგვიანებით Slack-ის შექმნის საფუძველი გახდა. Slack-ის მომსახურებას დღესდღეობით 8 მილიონი ყოველდღიური მომხმარებელი, მათ შორის 70, 000 კორპორატიული კლიენტი იყენებს.


Slack-ი თანამშრომლებს საშუალებას აძლევს ჯგუფურად იმუშაონ და სწრაფად გაიზარდონ. IBM-ი, Samsung-ი, 21st Century Fox-ი და Marks & Spencer-ი იმ გიგანტური კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც Slack-ს იყენებენ, კომპანიის ღირებულება უკვე $ 5.1მილიარდია.

საკონსულტაციო ფირმა Bright Bee-ს ტექნოლოგიის ანალიტიკოსის ქრის გრინის თქმით, იშვიათია მეწარმე, რომელიც რაიმე წარმატებულს ჩაშლილი პროექტის ნაცრიდან ქმნის და კიდევ უფრო წარმოუდგენელია ის, რომ სტიუარტმა ეს ორჯერ შეძლო.

თუმცა, თუ მის კარიერას თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ ეს არა მხოლოდ იღბლის, არამედ მისი შეუპოვარობის დამსახურებაა, რომლის წყალობითაც ის ინოვაციური გზებით მუდმივად ახერხებდა ქაოსისგან გენიალური სისტემის შექმნას.

სტიუარტი Flickr-ისგან განსხვავებით, Slack-ის მიტოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ აქამდე მოსასვლელად, იღბლის მიუხედავად, მრავალი სირთულის გადალახვა მოუხდა და $ 5.1მილიარდიანი კომპანიის მფლობელს მიაჩნია, რომ არც იმდენად ჭკვიანია, რომ ეს გზა ხელახლა გაიაროს.

 

თარიღი: 2018/07/01