კობა გვენეტაძე: მნიშვნელოვანი ამოცანა ლარიზაციის ზრდაა
„საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ლარიზაციის ზრდაა", - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს, საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა:

„ეროვნულმა ბანკმა მისი წახალისებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, 2018 წლის ივნისში ლარით სახსრების მოზიდვის დამატებით წახალისების მიზნით, ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმა 7-დან 5%-მდე შემცირდა. 2018 წლის ივლისის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კი მიღებული იქნა გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის სარეზერვო მოთხოვნების 25%-მდე გაზრდის შესახებ, ნაცვლად მანამდე მოქმედი 20%-ისა. უცხოური ვალუტით სარეზერვო მოთხოვნები ის ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ეროვნულ ბანკს შეუძლია გავლენა იქონიოს უცხოური ვალუტის საპროცენტო განაკვეთებზე და ბანკების მიერ უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტენდენციებზე. გარდა ამისა, უცხოური ვალუტით სარეზერვო მოთხოვნები ბუფერის როლსაც ასრულებს და პრუდენციული მიზნებისთვისაც გამოიყენება. მაგალითად, უცხოური ვალუტის მოულოდნელად სწრაფი გადინების შემთხვევაში, ეს რესურსები უცხოური ვალუტის ლიკვიდობის არსებობას უზრუნველყოფს, რითიც მაკროეკონომიკური რისკების შემცირება ხდება. ბოლო წლების განმავლობაში გატარებული ღონისძიებების ფონზე, 2017 წელს გააქტიურებული დედოლარიზაციის ტენდენცია 2018 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც შესამჩნევი იყო ფიზიკური და იურიდიული პირების შემთხვევაშიც. თუმცა, წლის მეორე ნახევარში, მთლიანი სესხების დედოლარიზაცია შენელდა და ფიზიკური პირების სესხების ნაწილში დოლარიზაცია გაიზარდა კიდეც.

აღნიშნული უკავშირდებოდა საბანკო სექტორში არსებული უცხოური ვალუტის ჭარბ რესურსებს, რაც ბანკებს საშუალებას აძლევდა, ბაზრისთვის უცხოური ვალუტით შედარებით დაბალპროცენტიანი სესხები შეეთავაზებინა.

მოთხოვნის მხრიდან უცხოური ვალუტით დაკრედიტების ახალი რეგულაციების მოლოდინმა ასევე შეუწყო ხელი ამას.

მთლიანად, 2018 წლის განმავლობაში სესხების დოლარიზაცია, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და დეკემბერში 56.8% შეადგინა. ხოლო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი წლის განმავლობაში 3.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 63.1% შეადგინა.

აქვე, მინდა ავღნიშნო, რომ 2019 წელს ახალი რეგულაციების ამოქმედების შედეგად, კვლავ გააქტიურდა დედოლარიზაციის პროცესი. იანვარ-აპრილის განმავლობაში სესხების და დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 1.2 და 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამავე პერიოდში ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია, თითქმის 2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული და ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს პროცესი ასევე გაგრძელდება",- განაცხადა გვენეტაძემ.

ავტორი:
თარიღი: 2019/06/10