გიორგი ჩიქოვანმა ენერგეტიკული ქარტიის სამდივნოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა ენერგეტიკული ქარტიის სამდივნოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა, ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციას, განახლებად ენერგიებს და ენერგოეფექტურობას მიეძღვნა.

გიორგი ჩიქოვანი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე, რომელშიც რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გაზარდოს საკუთარი მონაწილეობა აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო პროექტების განხორციელებაში, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ევროკავშირისთვის ენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის კუთხით

ფონდის დირექტორი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებს და იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად გადადგა თავისი ენერგეტიკული ბაზრის ევროპულ ბაზართან დაახლოების მიზნით.

ენერგეტიკული ქარტიის სამდივნოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ალბანეთის და მალტის ენერგეტიკის მინისტრებმა, ასევე აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ და სხვა მაღალი რანგის სტუმრებმა.

საქართველომ ენერგეტიკულ ქარტიის დამფუძნებელ ხელშეკრულებას ხელი 1991 წელს მოაწერა, ხოლო 2015 წელს აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა ერთი წლის ვადით.

თარიღი: 2019/06/19