„ყავის თითოეულ ფინჯანში მთელ ჩემს გულს ვასხამ ” - ჰოვარდ შულცი
„ყავის თითოეულ ფინჯანში მთელ ჩემს გულს ვასხამ ”… თუ გულს ჩადებთ თქვენს საქმეში, თქვენ აიხდენთ იმ ოცნებას, რომელსაც სხვები შეუძლებლად მიიჩნევენ” - ეს სიტყვები ჰოვარდ შულცს ეკუთვნის, რომელიც 1986-2000წწ და 2008-2017წწ Starbucks-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო და ასევე ი2017- 2018წწ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა.

შულცი კომპანიიდან მიმდინარე წლის 26 ივნისს წავიდა.


„ბიზნესპოსტი" შულცის წიგნიდან - „How the cup after cup was built by Starbucks" ფრაგმენტებს გთავაზობთ:


„1961 წლის ცივი იანვრის დილას მამამ სამსახურში კოჭი მოიტეხა. იმ დროს 7 წლის ვიყავი და სკოლის ეზოში თოვლში ვთამაშობდი, როდესაც დედამ კორპუსის მეშვიდე სართულიდან, ჩვენი ბინიდან გადმოიხედა და ხელი დამიქნია, ამოდიო. სახლში ავირბინე. „უბედურება დაემართა მამაშენს“ - თქვა დედამ. „სავადმყოფოში მივდივარ“.
მამაჩემი, ფრედ შულცი სახლში იწვა და ფეხი თვეზე მეტი მაღლა ჰქონდა ჩამოკიდებული. თაბაშირი ადრე არასოდეს მენახა, თავდაპირველად რაღაც უცხო იყო ჩემთვის. სიახლემ მალე მომხიბვლელობა დაკარგა. მამა სატვირთოს მძღოლი იყო, რომელიც ბავშვების ძველ საფენებს აგროვებდა და ტრანსპორტირებას ახდენდა. პამპერსების სუნზე წუწუნებდა და ჩხუბობდა, რომ მისი სამსახური ყველაზე ცუდი იყო. მაგრამ ახლა, როდესაც სამსახური დაკარგა, იქ დაბრუნება უნდოდა.


დედა 7 თვის ფეხმძიმე იყო. ვერ დადიოდა. ოჯახს შემოსავალი არ ჰქონდა, არც დაზღვევა, არც სავაჭრო კავშირის კონპენსაცია. მე და ჩემი და მაგიდასთან ჩუმად ვჭამდით, მშობლები კი კამათობდნენ, თუ რამდენი უნდა ესესხათ. ხანდახან საღამოობით ტელეფონი რეკდა და დედა მაიძულებდა ყურმილი ამეღო; თუ ვალებზე რეკდნენ, უნდა მეთქვა, რომ მშობლები სახლში არ იყვნენ.


ჩემი ძმა მაიკლი მარტში დაიბადა, მშობლებს საავადმყოფოს ხარჯების გადასახდელად ვალი უნდა აეღოთ. მრავალი წელი გავიდა, თუმცა მამაჩემის სახე თვალწინ ისევ მიდგას - ტახტზე მწოლიარე, ფეხი ისევ თაბაშირში და უმუშევარი - მეხსიერებიდან არ წაიშალა. ახლა როცა წარსულს თვალს გადავავლებ, მის მიმართ დიდ პატივისცემას ვგრძნობ. საშუალო სკოლა არ დაუმთავრებია, მაგრამ პატიოსანი კაცი იყო და მუშაობა არ ეზარებოდა. 2-3 სამსახურში უწევდა მუშაობა, იმისთვის რომ საღამოს მაგიდაზე რამე გვქონოდა. შვილებზე ზრუნავდა და კვირაობით ბეისბოლს გვეთამაშებოდა. ის იანკებს აღმერთებდა...

მაგრამ მამა გაკოტრებული კაცი იყო. ერთ სამსახურს მეორე ცვლიდა: იყო სატვირთოსა და ტაქსის მძღოლი, ქარხნის მუშა, მაგრამ წელიწადში 20 000 დოლარზე მეტს ვერ შოულობდა და შესაძლებლობა არასოდეს ჰქონია საკუთარი სახლი ეყიდა. ჩემმა ბავშვობამ პროექტებით, სახლებითა და სახელმწიფოს დახმარებით ჩაიარა. თინეიჯერობისას მივხვდი, რომ ასე ცხოვრება სირცხვილი იყო. როცა გავიზარდე, ამ საკითხზე მამასთან ხშირად ვკამათობდი. მისი წარუმატებლობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ნაკლებობის მიმართ შეუწყნარებელი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ მოენდომებინა, უფრო მეტს მიაღწევდა.


მისი სიკვდილის შემდეგ, მივხვდი, რომ მის მიმართ უსამართლო ვიყავი. ის არსებული სისტემის ნაწილის გახდომას ცდილობდა, მაგრამ სისტემამ დაამარცხა. დაბალი თვითშეფასების გამო, მან ცხოვრების გასაუმჯობესებლად, „ორმოდან“ ამოსვლა ვერ შეძლო. დღე, როდესაც ის გარდაიცვალა, 1988 წლის იანვარში, ყველაზე ნაღვლიანი იყო ჩემს ცხოვრებაში. მას არც დანაზოგი და არც პენსია ჰქონდა. ის სამსახურით არასოდეს იყო კმაყოფილი და ამაყი. ბავშვობაში ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ კომპანიის ხელმძღვანელი ვიქნებოდი. მაგრამ ვიცოდი, რომ თუ ჩემზე იქნებოდა ვინმე დამოკიდებული, „გემბანს“ მიღმა არსოდეს დავტოვებდი.


მშობლები ვერ ხვდებოდნენ თუ რატომ მოვიხიბლე Starbucks-ით. მე მაღალანაზღაურებადი, პრესტიჟული სამსახური სიეტლში მდებარე 5 ფილიალის მქონე ყავის სახლის გამო მივატოვე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი Starbucks-ი როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო. თანდათან მივხვდი, რომ ყავის სახლები თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნებოდა, ექსპრესოს მომზადებისას იტალიური ხელოვნების რომანტიზირებას მოვახდენდით და მომხმარებლებს ახალი მოხალული ყავის მარცვლებს შევთავაზებდით, ხალხის მიერ პროდუქტის მიმართ საუკუნეების განმავლობაში არსებული დამოკიდებულება შეიცვლებოდა.


1987 წელს Starbucks-ის აღმასრულებელი დირექტორი გავხდი. როგორც მეწარმე ინვესტორებს ჩემი შეხედულების მართებულობაში ვარწმუნებდი. ათ წელიწადში ჭკვიანი და გამოცდილი მენეჯერების გუნდი შევქმენით, ჩვენ Starbucks-ი პატარა ქალაქის 6 ყავის სახლისა და 100-მდე თანამშრომლიდან ეროვნულ ბიზნესად ვაქციეთ, რომელსაც 1300 ყავის სახლი და 25 000 თანამშრომელი ჰყავდა. ახლა ჩვენ ვართ მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში, ტოკიოსა და სინგაპურში. Starbucks-ი უნივერსალურად ცნობილი ბრენდია, რომელიც ინოვაციური პროდუქტების ექსპერიმენტს გვთავაზობს. მოგება და გაყიდვები 6 წლის განმავლობაში ყოველ წლიურად 50%-ით მატულობდა.


Starbucks-ი არ არის წარმატებისა და ზრდის ისტორია. ეს არის ისტორია, თუ როგორ უნდა შექმნა კომპანია განსხვავებული გზით. ეს არის ცოცხალი დადასტურება იმისა, თუ როგორ არსებობს კომპანია გულის ბრძანებითა და სულის გაფრთხილებით. კომპანია მეწილეებს სტაბილურ შემოსავალს მთავარი პრინციპების გაწირვის გარეშე აძლევს. ჩვენი პრინციპი თანამშრომლების მიმართ პატივისცემა და ღირსეული მოპყრობაა, რადგან ჩვენ გვყავს ლიდერთა გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ ასე ბიზნესის კეთება საუკეთესო გზაა.
Starbucks-ი ემოციურად ეხება ადამიანის სულს. ხალხი შემოვლითი გზით მოდის იმისთვის, რომ ჩვენს კაფეში დილით ყავა მიირთვას.
1990-იან წლებში ჩვენ შევიტანეთ ახალი სიტყვები ამერიკულ ლექსიკონში და შევქმენით საზოგადოებაში ახალი რიტუალები. ზოგიერთ ადგილას, Starbucks-ი გახდა „მესამე ადგილი“ - მყუდრო კუთხე შეკრებისთვის და კომუნიკაციისთვის, სახლისა და სამსახურის შემდეგ.


ადამიანები ერთმანეთს Starbucks-ში ხვდებიან, რადგან ჩვენი ქმედებების მნიშვნელობა მათთან ახლოსაა. ეს უფრო მეტია ვიდრე გემრიელი ყავა. სანამ ბარისტა ყავას ამზადებს, ჩვენ გიყვებით სხვადასხვა სახეობის წარმომავლობაზე. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც Starbucks-ში მოდის, იმაზე მეტი გამოცდილება, რაც მამაჩემს ჰქონდა არ აქვს, მაგრამ ისინი ამ ჯადოსნურ გარემოს ქმნიან.
ეს კომპანიის მიღწევა, რომლითაც ვამაყობ. ალბათ, ეს სანდო და თავდაჯერებული ადამიანების ურთიერთობაა, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობენ. ეს ცარიელი ფრაზა არ არის. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამშრომლებზე, ჯანდაცვის კუთხით, ასევე ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულებს ხელს ვუწყობთ ჩვენი კომპანიის თანამფლობელები გახდნენ. თანამშრომლები სამსახურით ამაყობენ. ჩვენ ასევე კავშირებს მომხმარებლებთანაც ვამყარებთ.

ეს არის ისტორია გუნდის, რომელმაც წარმატებული კომპანია ღირებულებებსა და მთავარ პრინციპებზე დაყრდნობით შექმნა. მსგავს ამერიკაში იშვიათად შეხვდებით. ეს ამბავი გვიყვება, როგორ ვისწავლეთ ბიზნესისა და ცხოვრების მნიშვნელოვანი გაკვეთილები. იმედი მაქვს, ეს იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც საკუთარი ბიზნესის შექმნას და ცხოვრების ოცნების რეალიზებას ცდილობენ.

ჩემი ბოლო მიზანი იყო შთამეგონებინა ადამიანები იყვნენ შეუპოვრები, თამამები და მიყვნენ გულის კარნახს. მცდელობები ნუ შეგაშინებთ. თქვენ შეგიძლიათ დიდი კომპანია ბიზნესის მიმართ ინტერესისა და ინდივიდუალობის დაკარგვის გარეშე შექმნათ. ეს შესაძლებელია ადამიანებზე და ღირებულებებზე დაყრდნობით. მთავარი სიტყვა გულია. მე ვასხამ მთელს ჩემს გულს ყავის ყოველ ფინჯანში, ასევე ჩემი პარტნიორებიც. როდესაც ამას მომხმარებლები ხედავენ, ისინი სიკეთით გვპასუხობენ.

თუ გულს ჩადებთ თქვენს საქმეში, ან ნებისმერ ბიზნესში, თქვენ აიხდენთ იმ ოცნებას, რომელსაც სხვები შეუძლებლად მიიჩნევენ. სწორედ ეს ქმნის ცხოვრებას მნიშვნელოვანს“.

თარიღი: 2018/07/03