ტურისტებზე რუსული ემბარგოს გამო საქართველომ შესაძლოა 2,1 მილიარდი ლარის ზარალი მიიღოს
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მთავარში" ვლადიმირ პუტინის მიერ ტურისტულ სანქციებზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული ტურიზმი.

კერძოდ, როგორც მან განაცხადა, შესაძლოა ეკონომიკამ ამ მხრივ 2,1 მილიარდი ლარის ზარალი მიიღოს:

„დღევანდელი მონაცემებით, რომელიც სტატისტიკის დეპარტამენტიდან ავიღეთ, სულ რომ ჩაიკეტოს ბაზარი, დღეიდან პირველი იანვრის ჩათვლით, 2.1 მილიარდი ლარის ზარალს აიღებს ქართული ეკონომიკა. ყველაზე მეტ დარტყამს შავი ზღვის რეგიონი მიიღებს და ყველაზე მეტად დაიჩაგრება დაბალი სეგმენტი - გასაქირავებელი ბინები თბილისში. კერძოდ, თბილისში 22 000 ბინა ქირავდება და მათ 90 პროცენტს რუსეთიდან შემომსვლელები ქირაობენ. რეგიონებშიც, დაბალ გადამხდელთა სეგმენტში უმეტესი წილი რუსეთის მოქალაქეებს უჭირავთ".

მისი თქმით, მხარჯველობიდან გამომდიონარე, რუსი ტურისტი ტოპ ათეულშიც არ შედის, თუმცა, რაოდენობიდან გამომდინარე რადგან ყველაზე მეტი შემოდიოდა, მათგან შემოსული თანხაც მეტი გამოდიოდა, ვიდრე დანარჩენი ტურისტებისა ერთად აღებული.

საჰაერო გზით შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა 2018 წლის ივლის-აგვისტო-სექტემგბერის სეზონზე თვეში 60 000-ზე მეტი იყო.

შალვა ალავერდაშვილის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი შეზღუდვა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, პირიქით, გამოაჯანსაღებს, თუმცა, მაგალითად, ამ სეზონზე, აუცილებლად დასაგეგმია ზარალის შემცირება:

„ერთ-ერთ ვერსიად შეიძლება განიხილებოდეს რუსი ტურისტებისთვის ალტერნატიული გზების შეთავაზება საქართველოში ჩამოსასვლელად. მითუმეტეს, რომ ჩვენი ინფორმაციით, მაღალგადამხდელმა რუსმა ტურისტებმა არ გააუქმეს ჯავშნები და სხვა გზების მოძიება დაიწყეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ ეხება შავი ზღვის სანაპიროს, 70% ტურისტების კი ზღვაზე მოდიოდა."- განმარტა მან.

მისივე თქმით, რადგან ფასებს მოთხოვნა განაპირობებს და რადგან ეს სანქცია მოთხოვნას შეამცირებს, შავი ზღვისპირეთში ამ სეზონზე სავარუდოდ ფასებიც შემცირდება.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის აზრით, მთავრობა მათ რუსი ტურისტებისთვის ალტერნატიული გზის შეთავაზებაში უნდა დაეხმაროს.

ავტორი:
თარიღი: 2019/06/24