„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქარხანაზე რუსეთის დროშა ფრიალებს
ღვინის კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქარხანაზე რუსეთის დროშა ფრიალებს. ფოტოები ონლაინგამოცემა „ლაბორატორიის“ ჟურნალისტმა 30 ივნისს გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დროშის ფრიალს გამართლება არ აქვს, „ლაბორატორია“ განმარტების მოსასმენად კომპანიის წარმომადგენელს, ნანა რატიანიძეს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი მის კომპეტენციას სცილდებოდა და შესაბამის პირს დაგვაკავშირებდა, თუმცა უშედეგოდ.

„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ იმ კომპანიების ჩამონათვალშია, რომლის პროდუქციის რუსეთში შეტანა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში 20 ივნისის განვითარებული მოვლენების გამო აკრძალა. თუმცა, აკრძალვის მიზეზად, რუსეთის შესაბამისმა უწყებამ ღვინის ხარისხის გაუარესება დაასახელა.

უახლოეს ხანში, უცხო ქვეყნის დროში აღმართვა, რომელთანაც საქართველოს კონფლიქტი ან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, კანონით დარეგულირდება. აღნიშნულ კანონპროექტზე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მუშაობს.

“რაც მომავალში გამორიცხავს გაუგებრობებს, დაკავშირებულს უცხო ქვეყნის დროშების, მათ შორის იმ სახელმწიფოს დროშის აღმართვა-გამოფენასთან, რომელსაც საქართველოსთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები ან აქვს კონფლიქტი,” – წერია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში.

საქართველოს, ამ დროისთვის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს რუსეთსა და სირიის არაბთა რესპუბლიკასთან.

წყარო: laboratorium.ge

ავტორი:
თარიღი: 2019/07/01