როგორ დავიცვათ თანამშრომლები „გადაწვისგან“?
მაღალეფექტური თანამშრომელი და კმაყოფილი მენეჯერი - შედეგი ყოველთვის მოლოდინის შესაბამისია. კომპანიის ხელმძღვანელებმა იციან, რომ დავალება, რომელსაც ასეთ თანამშრომელს ანდობენ, დათქმულ ვადებში 100%-ით შესრულდება. მნიშვნელობა არ აქვს, ვის და რის ხარჯზე მიიღწევა მიზანი, მთავარი ვადების დაცვა და მოქმედების სიზუსტეა.  

ბრიტანული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ლიდერების 20%-ის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პროფესიული გადაწვა მოქმედებს. ასეთი თანამშრომლები არასდროს ამბობენ უარს დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე, მაშინაც კი, როდესაც ამის დრო არ აქვთ, უარს ამბობენ ყოველგვარ პირადულულზე, თუ საოფისე საქმე დასასრულებელია. საკუთარი თავისადმი თანამშრომლების ასეთი დამოკიდებულება მენეჯერებზეც აისახება. ამით კი საუკეთესო თანამშრომლების პროფესიული გადაწვის შანსი იზრდება.

მენეჯერების უმრავლესობა გავრცელებული მეთოდებით მოქმედებს. მაგალითად, ისინი მაღალეფექტურ თანამშრომლებს ყველაზე რთულ პროექტებში რთავენ და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო რთული საქმეების გაძღოლას ავალებენ. მათთვის მარტივად შესასრულებელი სამუშაო, ფაქტობრივად, უკვე მიუწვდომელი ხდება. ბუნებრივია, არის ამაში გარკვეული ლოგიკაც - მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას ასეთ ადამიანებს 100%-იანი შედეგის დადება შეუძლიათ. თუმცა არსებობს რისკიც, რომ ამ გზით წამყვანი ძალა პროფესიული გადაწვის საშიშროების წინაშე დადგება.

სწორედ მაღალეფექტური თანამშრომლებისა და ხელმძღვანელობის დახმარებით ხდება გუნდის სხვა წევრების სისუსტის კომპენსირება. ასეთ სიტუაციას კარგად აღწერენ ერთ-ერთი საკმაოდ გავლენიანი ორგანიზაციის თანამშრომლები.

„შენ სანიმუშო თანამშრომლად გთვლიან და ელოდებიან, რომ მეურვის როლს შეითავსებ და მხარს იმ ადამიანებსაც დაუჭერ, რომლებიც დაბალ შედეგს აჩვენებენ“- აცხადებს ერთ-ერთი მათგანი. 

ფაქტობრივად, იგივე აზრს ავითარებს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის უფროსი მენეჯერიც.

„დიდი დრო დავკარგე მეურვეობაში და სიმართლე გითხრათ, ჩემი კოლეგების მიერ შესასრულებელი დამუშაოს დიდი ნაწილი საკუთარ თავზე ავიღე. იმიტომ, რომ სწორედ ამას ელოდებოდნენ ჩემგან, როდესაც სხვები ვერ ახერხებდნენ. გარდა ამისა, როდესაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ხარ, ყველა რაღაც პატარა წვრილმანზე მოგმართავს. მაგალითად: შენ კარგად აკეთებ სლაიდებს, შეგიძლია, გამიკეთო? კარგად ერკვევი WordPress-ში, იქნებ იქ გვერდი ჩამისვა და ა.შ. ახლა ვაცნობიერებ, რამდენად დიდი დრო დავკარგე მსგავსი თხოვნების შესრულებაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და მაქვს განცდა, რომ ამის გამო ვერაფერი გავაკეთე“- აღნიშნავს რესპონდენტი.

ექსპერტების თქმით, როდესაც ადამიანს საზღვრების გავლება და „არა“-ს თქმა არ შეუძლია, ამ ფაქტის პერსონალურად აღქმა ხდება, თუმცა სწორი იქნებოდა, ის ისე განგვეხილა, როგორც ორგანიზაციის პრობლემა, რადგან ყველაზე სანიმუშო თანამშრომლების ჯილდო საქმის იდეალურად შესრულებისთვის, როგორც წესი,  დამატებითი სამუშაოა.

პრობლემის გადასაჭრელად მენეჯერებმა იმის გაცნობიერება უნდა დაიწყონ, თუ როგორ გავლენას ახდენს მსგავსი პრაქტიკა მათ ორგანიზაციაზე და შესაბამისად, შეეცადონ, სრულად გადაჭრან, ან მაქსიმალურად შეამცირონ პრობლემა. გარდა ამისა, თანამშრომლებმა და ხელმძღვანელებმა სფეროს ექსპერტების მიერ შემუშავებულ სამ სტრატეგიას უნდა მიმართონ.

რჩევები ექსპერტებისგან:

  1. მიეცით საშუალება თანამშრომლებს, თვითონ აირჩიონ მათთვის სასურველი პროექტები. თუ მათ არჩევანს დაუტოვებთ, აუცილებლად გაახსენდებათ ის, რის გამოც ამ სამუშაოს შესრულებას დათანხმდნენ და რაც მათთვის არასასურველი, შრომატევადი საქმის შესრულებისას დაივიწყეს - გაახსენდებათ, რატომ უყვარდათ ასე ძალიან საკუთარი საქმე.
  2. შექმენით მაღალეფექტური წყვილები. როდესაც მაღალეფექტური თანამშრომლები შედარებით სუსტებთან ერთად აკეთებენ საერთო საქმეს, დიდი დატვირთვა სწორედ მათზე მოდის. თუ თქვენ ერთად დააყენებთ ორ ერთნაირი გონებრივი შესაძლებლობის ადამიანს, ისინი საქმეს ერთმანეთს შორის გადაანაწილებენ, რაც, თავისთავად მათ ხასიათზეც დადებითად აისახება და შედეგიც საგრძნობი იქნება.
  3. მიაქციეთ ყურადღება მათდამი სხვა თანამშრომლების მიმართვიანობის სიხშირეს, თუ ეს ძირითად სამუშაოს არ ეხება. ასეთ თანამშრომლებს, მაგალითად, დასვენების დროს, ხშირად სთხოვენ კონკრეტული საქმის გაკეთებას. შესაბამისად, მათი დროის ძირითადი ნაწილი მიდის იმ საქმიანობაზე, რომელიც მათთვის არაპრიორიტეტულია. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ მიმართვიანობა საერთოდ აკრძალოთ. მიეცით მათ საშუალება, ჩაიწერონ ყველა თხოვნა ერთად, რომ მიაქციონ ყურადღება ამ თხოვნების სიმრავლეს და შემდეგ თვითონვე მოახდინონ მათი ფილტრაცია.
მაღალეფექტური სპეციალისტები ნებისმიერი კომპანიისთვის დიდი ძალაა, რომლებიც, საშუალო სტატისტიკის თანამშრომლებთან შედარებით, თითქმის 4-ჯერ მეტ შედეგს დებენ. და თუ ხელმძღვანელებმა საკუთარი თანამშრომლების პროფესიული გადაწვისგან დაცვის მიზნით რაიმე ტიპის ქმედებები არ განახორციელეს და ზემოხსენებული მართვის მეთოდებით იხელმძღვანელეს, კომპანიები დაკარგავენ იმ სარგებლის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ამ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების პროდუქტიული შრომის შედეგად მიიღეს.  

 

თარიღი: 2018/07/04