შალვა ალავერდაშვილი: მთავრობა ხართ თუ ოპოზიცია იქნებ თქვენთვის იჩხუბოთ და ჩვენ გვაცადოთ საქმის კეთება, გპირდებით - ორივეს შეგინახავთ
"გუშინდელი განცხადების შემდეგ ტურისტები აღარც გვეკონტაქტებიან, უბრალოდ გვიუქმებენ ჯავშნებს" - ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი თავის "ფეისბუქ" გვერდზე წერს. 

ის მიმართავს პოლიტიკოსებს, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან მიმართავს და სთხოვს, რომ ბიზნესს საქმის კეთება აცადონ

"ყველას კარგად გვახსოვს როგორ დაიწყო 2019 წელი. ჯერ იყო ვირუსების გამო საკმაოდ დიდი ზარალი ნახა ტურიზმის სექტორმა, მერე თითქოს ფეხზე წამოდგომა დავიწყეთ, მაისმა იანვარი დააბალანსა, ივნისი უკვე თებერვალს ავსებდა და მერე მოხდა გავრილოვი. ეს ის თემაა როცა მტყუან-მართალი ისტორიამ უნდა გამოაჩინოს. ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ 24 საათიანი მუშაობა, რომ ერთად არ მივსულიყავით იმ შედეგამდე რაც ციფრებით მინუს 2 მილიარდ ლარს უდრის. ცოტა რაღაცები გამოვასწორეთ, ცოტა მეტი ადამიანი დავარწმუნეთ იმაში რომ მაინც საქართველოში დაესვენათ, ყველამ ერთად დავიჯერეთ რომ შეგვიძლია არ დავნებდეთ და ჩვენი შრომა შედეგს გამოიღებს და მერე იყო გუშინდელი განცხადება. დღეს დილიდან უკვე აღარც გვეკონტაქტებიან. უბრალოდ გვიუქმებენ ჯავშნებს


არ ვართ ჩვენ არავისტები, ჩვენ საქართველოისტები ვართ, ამ ქვეყნისთვის ვმუშაობთ, უამრავ გადასახადებს ვიხდით ბიუჯეტში და ვცდილობთ აქ ჩამოსული სტუმარი ბედნიერი გავუშვათ, ვცდილობთ ყველაფერ ქართულს მაქსიმალური პოპულიზაცია გავუკეთოდ, ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართულ წარმოებებს და რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქცია შევიძინოთ და ა.შ.


მოკლედ მთავრობა ხართ თუ ოპოზიცია იქნებ თქვენთვის იჩხუბოთ ერთმანეთში და ჩვენ გვაცადოთ საქმის კეთება და გპირდებით ორივეს შეგინახავთ, ორივეს გეყოფათ ჩვენი გადახდილი გადასახადები, ორივე კარგად იქნებით თუ ჩვენ დაგვაცდით ბიზნესის წარმოებას და თქვენ პარტიულ ვნებებს ნუ გადააყოლებთ ქვეყანას" - წერს შალვა ალავერდაშვილი. 

თარიღი: 2019/07/08