სიტყვის ძალა  - როგორ ცვლის მეტაფორა ორგანიზაციას  
ხელმძღვანელობის ცვლილება ნებისმიერ ორგანიზაციაში სიახლის შიშთან ერთად ცვლილებების მოლოდინსაც აჩენს. ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლების წინაშე, როგორც წესი,  ტრანსფორმაციის იდეით წარსდგება, თუმცა აღქმადობა დაქირავებული პირების მხრიდან ხშირად არ შეესაბამება დამქირავებლის მოლოდინს.  საქმე იმაშია, რომ თავდაპირველი კომუნიკაციისას ორ მხარეს ერთმანეთის დეკლარირებული აზრების გაგება უჭირთ. მაგალითად, თუ ხელმძღვანელი ამბობს, - მოდით, ტრანსფორმირების ეტაპი დავიწყოთ, თანამშრომლების რეაქცია ასეთია: ე.ი. ისევ ახალი ხელმძღვანელების ხასიათს უნდა შევეწყოთ. ხელმძღვანელს მხედველობაში აქვს, რომ მუშაობის სისტემა სრულად უნდა შეიცვალოს, დაქვემდებარებული პირი კი ფიქრობს, რომ მას შესრულებული სამუშაოს გამო საყვედურობენ.

მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმში ორგანიზაციის თანამშრომლებმა იციან, რა უნდა აკეთონ. ისინი ნაკლებად აქცევენ ყურადღებას სიტყვებს და თუ აქცევენ, მასზე ნაკლებად რეაგირებენ, ყველაფერი ისედაც ცხადია, რადგან მთავარ პროცესებზე შეთანხმება არსებობს და თამაშის წესებიც ყველასთვის გასაგებია.

ცვლილებების პერიოდში კი ისინი ახალი რეალობის წინაშე დგებიან. პირველ რიგში კი ეს სიტყვიერ კომუნიკაციაში ვლინდება. დაქვემდებარებულ პირებს თავიდან უწევთ მოლაპარაკება - რა უნდა გააკეთონ და რატომ. ამ დროს მათთვის გასაგები სიგნალების რეჟიმი ქრება. თანამშღომლები ცდილობენ გაარკვიონ, რა არის მათი ახალი მიზანი, რა შევა მათ კომპეტენციაში და აისახება თუ არა ცვლილებები მათზე.  ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია ახალი აზრობრივი სტრუქტურა, მეტაფორების ახალი სისტემა, რაც, თავის მხრივ, ცვლილებების ახალი ეტაპის ეფექტურად გავლისთვის აუცილებელი წინაპირობა ხდება.

როგორ შეიძლება ახალი სიგნალების ფორმირება და როგორ შევარჩიოთ სწორი მეტაფორები?  - სამი ნაბიჯი სასურველ შედეგამდე

პირველი ნაბიჯი - აუცილებელია თანამოაზრეთა კოალიციის შექმნა და იმის გაანალიზება, რა არის იმ ცვლილებების არსი, რომელიც იგეგმება. აი, აქ კი საჭიროა მეტაფორის გამოყენება. მაგალითისთვის, შესაძლებელია, ავტომობილის მეტაფორის მოყვანა. ჰკითხეთ საკუთარ თავს: წარმოიდგინეთ,  რომ თქვენი კომპანია ავტომობილია, რა შეიძლება გავუკეთოთ მას?  ზოგი იტყვის, რომ ძრავის გამოცვლაა საჭირო, სხვები - რომ საერთოდ მფრინავი ავტომობილის იდეაა საინტერესო, მესამენი კი მიდიან დასკვნამდე, რომ მათ ისედაც ძალიან კარგი მანქანა ჰყავთ და მას მხოლოდ ბამპერი უნდა შეუღებონ, ან მინები შეუვალონ.  ამასობაში, ვიღაც მიხვდება, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ავტომობილმა მეტი სიჩქარე განავითაროს. ყველა ეს განსხვავებული მეტაფორაა: ერთი რემონტზე საუბრობს, მეორე კი აქცენტს ტრანსფორმაციასა და განვითარებაზე აკეთებს.  

მეორე ნაბიჯი - მნიშვნელოვანია აღვწეროთ, რას ნიშნავს კონკრეტული ცვლილებები თქვენი კომპანიისთვის. თუ გსურთ, შეცვალოთ ძრავა, უნდა დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ ამაში? თუ მოძრაობის დინამიკის შეცვლა გსურთ, უნდა გააცნობიეროთ, როგორ იმუშავებს ეს თქვენს შემთხვევაში? ხელმძღვანელებმა აზრები ჯერ ერთმანეთს უნდა გაუზიარონ, მერე კი მათი თანამშრომლებთან დეკლარირებაც იქნება აუცილებელი.  აქ კი თავს გარკვეული რისკ-ფაქტორიც იჩენს - მოსალოდნელი ცვლილებები სამუშაო ჯგუფმა ეს ადეკვატურად უნდა მიიღოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელმძღვანელ პირებს მიწოდების ფორმების შერჩევა მოუწევთ. მაგალითად, თუ ხელმძღვანელობა იტყვის, რომ მნიშვნელოვანია ახალი ინსტრუმენტების მოგროვება, რომელიც ბევრად ეფექტურად იმუშავებენ და ჩავარდნებს არ დაუშვებენ, არის შანსი, რომ თანამშრომლებმა ეს ისე მიიღონ, თითქოს მათ საყვედურობენ, თუმცა თუ ფორმულირება იქნება ადეკვატური, მაგალითად, თუ მათ ეტყვიან, რომ ეს მუშაობის ახალი მეთოდია, რომელიც პრაქტიკაზეა დაფუძნებული და ახალ მიდგომებს საჭიროებს თანამედროვე რეალობაში, მაშინ აღქმადობაც იქნება განსხვავებული.

მესამე ნაბიჯი - როდესაც საჭირო სიტყვები უკვე ნაპოვნია, მისი გავრცელების დროც დგება. ხელმძღვანელობამ უნდა იცოდეს, რომ ყველა ინტერვიუსა და გამოთქმაში აუცილებელია, იყოს მარტივად აღქმადი მეტაფორები. მაგალითად, პირველი პირი ამბობს, რომ ციფრული ტრანსფორმაცია - ეს ჩვენი კომპანიის აზროვნების ახალი მეთოდია  ან  პარტნიორებისა და პროდუქტების შერჩევის ახალი პრინციპი. მეორე მეთოდი, რომელიც პირველს ავსებს - ეს სკრიპტების დაწერაა - რა აზრობრივი კონსტრუქციების გამოყენება სჭირდებათ თანამშრომლებს, რა მომენტში და რისთვის უნდა ვისარგებლოთ ნაპოვნი მეტაფორით, როგორ მივაწოდოთ ის კლიენტს და რა სიტუაციაში შეიძლება იყოს გამოყენებული განყოფილებების ხელმძღვანელების მიერ.

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მეტაფორამ იმუშავა?

ყველაფერი ცხადი გახდება, როდესაც კომპანიაში ერთნაირი სიტყვებით საუბარს დაიწყებენ. მეტაფორები ცვლილებების ძრავი კი არა, ინტერფეისია. ეს ისაა, რაც ერთ საერთო მიმართულებას იძლევა და ეხმარება ყველას, იმოძრაოს საერთო ვექტორში. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, შევარჩიოთ ის სიტყვები, რომლებიც მეტ-ნაკლები სიზუსტით აღწერენ აუცილებელ ცვლილებებს.

და ყველაზე მნიშვნელოვანი - სიტყვები უნდა იყოს თქვენი!

თარიღი: 2018/07/04