თუ მაინც და მაინც რუსეთისგან გვინდა რამე გადმოვიღოთ, მაშინ ეს გავაკეთოთ - გიორგი ქადაგიძე
„თუ მაინც და მაინც რუსეთისგან გვინდა რამე გადმოვიღოთ, მაშინ ეს მისი ყველაზე წარმატებული მონარქისგან უნდა გავაკეთოთ". - ამის შესახებ საკუთარ facebook-ზე საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე  წერს:

„მოდით პეტრე დიდის (1672-1725) რეფორმების ნაწილი გავიხსენოთ:

1. 2 წლით თვითონ მოქმედი მეფე გაემგზავრა ევროპაში რაც მანამდე და არც მერე არავის გაუკეთებია;

2. ჩამოიყვანა (ინგლისიდან, შოტლანდიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, დანიიდან, ვენეციიდან) ათასობით ინჟინერი, მშენებელი, სამხედრო, ხელოსანი, მასწავლებლი და ა.შ;

3. ასევე ათასობით რუსს უშვებდა სასწავლებლად რომლებიც ჩამოსვლისას გამოცდებს აბარებდნენ თუ რა შეისწავლეს;

4. გამოსცა კანონი რომლის მიხედვით გაუნათლებელ დიდგვაროვან შთამომავალს უფლება ერთმეოდა მემკვიდრეობაზე და ქორწინებაზე;

5. გაატარა დეცენტრალიზაციის დიდი ტალღა და შექმნა რეალურად დამოუკიდებლი რეგიონალური მმართველობა;

6. გაპარსა, ევროპულ ყაიდაზე ჩააცვა და ევროპული ცხოვრების წესს (ჭამის და კბილების გახეხვის წესი, კალენდარი, ანბანი, არაბული ციფრთა სისტემა, თავშეყრის ადგილებში მოქცევის წესი და ა.შ.) აიძულებდა არისტოკრატიას;

7. ცდილობდა ჩამოეტანა ყველა ტექნოლოგია რაც ევროპაში ნახა, გაატარა ინდუსტრიონალიზაციის და ვაჭრობის განვითარების მანამდე არნახული რეფორმები;

8. მაშინ როცა ბალტიის ზღვაზე გასასვლელს ჯერ კიდევ შვედები, ხოლო შავ ზღვაზე ოსმალები აკონტროლებდნენ დაიწყო გემთმშენებლობის უზარმაზარი პროექტები (ინოვაციაც ასეთი უნდა);

9. ცდილობდა ბრიტანული ყაიდის დამოუკიდებელი სასამართლო შეექმნა (ეს უშედეგოდ);

10. გაათანაბრა ქალების და კაცების უფლებები.

მოკლედ პოსტმონღოლური აზიური ქვეყნის ევროპიზაცია მოახდინა.

ამ გაგებით რუსეთუმეობას (ევროპიზაციას) ავიტანთ,"- წერს ქადაგიძე.

თარიღი: 2019/07/13