წიაღის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ახალი პროექტი დაიწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ბანკთან (WB) თანამშრომლობით დაიწყო პროექტი - საბადოთა დახურვა და ეკონომიკური რეგენერაცია.

პროექტის განსახორციელებლად შერჩეულ იქნა საკონსულტაციო ჯგუფი SRK Consulting. პროექტის მიზანია სრული და ზუსტი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც მიტოვებული ან დასახურად მომზადებული საბადოების ამჟამინდელ მდგომარეობას ასახავს. კვლევის ფარგლებში განხორციელდება მიტოვებულ საბადოთა აღრიცხვა და რისკის შემცველ საკითხთა იდენტიფიცირება, აგრეთვე ინსტიტუციური და მარეგულირებელი ხარვეზების გამოვლენა, შემდგომში ზოგადი პრინციპებისა და სტანდარტების შემუშავების მიზნით. შედეგად, ჩამოყალიბდება საბადოთა დახურვისა და სამთო-მოპოვებითი ფართობის რეკულტივაციისა და რეგენერაციის სახელმძღვანელო ჩარჩო.

საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები, პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში იმყოფებიან. მიმდინარე წლის 15 ივლისს გაიმართა შეხვედრა სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოში, რომელსაც სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს გარემოსდაცვითი, სოციალური გამოწვევები და საბადოს დახურვასთან დაკავშირებული პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური პერსპექტივები.

თარიღი: 2019/07/16