„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ქიბარ ხალვაშისგან უარი მიიღეს
„რუსთავი2“-ში „კურიერისა“ და „პოსკრიპტუმის“ გუნდის წევრებსა და ტელეკომპანიის ახალ გენერალურ დირექტორს პაატა სალიას შორის შეხვედრა დასრულდა. ტელეკომპანიის ჟურნალისტების ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში ასევე უარს ამბობს, გაფორმდეს დოკუმენტი, რომელის მიხედვითაც, არხის ახალი მფლობელი აიღებს ვალდებულებას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

გარკვეული ეჭვები არსებობს, იარსებებს და მე ვიმუშავებ, რომ ეს ეჭვები, რაც შეიძლება სწრაფად გაქარწყლდეს და ამაში დავრწმუნდებით,-ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა „კურიერისა“ და „პოსკრიპტუმის“ გუნდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პაატა სალიამ განმარტა, თუ რატომ უთხრეს უარი ჟურნალისტებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

“შემოთავაზება, რაც ჰქონდათ არ იქნა მიღებული მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შემოთავაზება არ შეიძლება იყოს რამის გარანტია. მით უმეტეს იმ ფონზე, რა შიშებიც შეიძლება ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან დასაქმებულები. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არანაირ გარანტიას არ ქმნის. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნდობის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო სჭირდება. " - განაცხადა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს. გეგმა სამი ნაწილისგან შედგება.

„პირველი პუნქტი - მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო შემდეგი შემადგენლობით: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ეკა გიგაური; საია - სულხან სალაძე; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ - გიორგი მშვენიერაძე; „სამართლიანი არჩევნები“ - მიხეილ ბენიძე; “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ - ნატა ძველიშვილი; მედია მკვლევარი ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენ მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში.

ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ უნდა შეძლოს იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე. მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები და პროდიუსერებიც იგულისხმებიან.

მეორე - დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

მესამე - არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებასა და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიათისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის. ეს არის „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი მიმართვა არხის ახალი მფლობელისა და დირექტორისადმი“, - განაცხადეს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებმა.

წყარო: Ipn

ავტორი:
თარიღი: 2019/07/21