„ნაკლები ნივთი, მეტი ბედნიერება" - როგორ მოვკლათ ჩვენში მომხმარებელი? 
მეწარმემ და დიზაინერმა, გრემ ჰილმა 30 წლის ასაკში თავის საქმიანობით იმდენს მიაღწია, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრების ფუფუნებაში გატარება შეეძლო. თუმცა, მოგვიანებით მიხვდა, რომ რეალურად მის ცხოვრებასა და დროს სწორედ ეს ფუფუნების საგნები შთანთქავდნენ, ამ აღმოჩენამ კი მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.


გრემ ჰილი გვიყვება როგორ დაამარცხა თავის თავში მომხმარებელი და იპოვა ბედნიერება:


„ყველაფერი 1998 წელს დაიწყო, როდესაც მე და ჩემმა პარტნიორმა საკონსულტაციო კომპანია საკმაოდ ძვირად გავყიდეთ. რის შემდეგაც ვიყიდე უზარმაზარი, 4 სართულიანი სახლი და ის ტექნიკით, გაჯეტებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთით გავავსე. შევიძინე ახალი მანქანაც.


ახალი კომპანიისთვის აქტიურად ვმუშაობდი და სახლისთვის დრო არ მრჩებოდა. ამოუწურავი სამომხმარებლო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კი დავიქირავე ბიჭი, რომელიც ჩემს ნაცვლად დადიოდა საყიდლებზე, სხვადასხვა ტექნიკას სურათებს უღებდა, მიგზავნიდა და საბოლოოდ ჩემ მიერ არჩეულ პროდუქციას ყიდულობდა.


ერთხელაც ჩემი სამომხმარებლო ნივთებზე „დამოკიდებულებაც“ დაცხრა და ეიფორიაში გადაიზარდა. დავიწყე ფიქრი, თუ რატომ არ მაბედნიერებდა ის პირობები, რომელშიც ვცხოვრობდი. მივხვდი, რომ უამრავ რამეზე ვიყავი შეჭიდებული. დატვირთული სამუშაო გრაფიკის პარალელურად, უნდა მიმეხედა გაზონისთვის, მანქანისთვის, უზარმაზარი სახლისთვის... მე კიდევ ყველაფერთან ერთად პირადი სავაჭრო ასისტენტიც მყავდა... ბოლოს და ბოლოს გავაცნობიერე, რომ რეალურად ეს ყველაფერი მმართავდა და მათზე დამოკიდებულს მხდიდა.

ჩვენ ვცხოვრობთ ჰიპერმარკეტების, უზარმაზარი სავაჭრო ცენტრებისა და 24 საათიანი მაღაზიების სამყაროში. ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელი ამითაა გარშემორტყმული. თუმცა, ფაქტია, რომ ყოველივე ამას ბედნიერება არ მოაქვს.


ცხოვრებისადმი ჩემი დამოკიდებულება საბოლოოდ ოლგასთან შეხვედრის შემდეგ შეიცვალა. ჩვენ ვმოგზაურობდით, ვცხოვრობდით პატარა მოკრძაალებულ ბინებში და ძალიან ბედნიერები ვიყავით. მე ვაგრძელებდი მუშაობას, თუმცა ჩემი ოფისი ზურგჩანთაშიც თავსდებოდა. თავისუფლად ვგრძნობდი თავს იმ მეორეხარისხოვანი ნივთების გარეშე, რომლებიც სახლში დავტოვე. მართალია, მოგვიანებით, მე და ოლგა დავშორდით, თუმცა ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.

სამწუხაროდ, 15 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ წლობით ნაგროვები მეორეხარისხოვანი ნივთებისგან თავი დამეღწია და თავისუფალი და მრავალფეროვანი ცხოვრებით მეცხოვრა.


მე ახლაც მეწარმე ვარ და კომპაქტური სახლების განვითარებაზე ვმუშაობ. ამ სახლების შექმნის მიზანი ჩვენი ცხოვრების გამარტივებაა და არა პირიქით. მე ვიცი, რომ იმაზე მეტ რესურსს არ ვიყენებ, ვიდრე მესაჭიროება, ამიტომაც კარგად მძინავს. მაქვს ნაკლები ნივთები, მაგრამ მეტი-სიამოვნება, პატარა ადგილი, თუმცა სიცოცხლით სავსე ვარ“.

გრემ ჰილი ამჟამად ცხოვრობს სტუდიაში, რომელიც 39 კვ.მ-ია. იძინებს კედელში ჩაშენებულ საწოლში და მხოლოდ 6 მაისური აქვს. სტუმრების მოსვლის დროს კი დასაკეცი მაგიდას იყენებს. რაც შეეხება წიგნებს, უზარმაზარი კოლექციიდან მან მხოლოდ 10% დაიტოვა. მაგრამ, რაც მთავარია, ის თავისუფალი და ბედნიერია. ცხოვრობს მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრებით და ცდილობს, თავისი საქმიანობითა და გამოცდილების გაზიარებით ცხოვრება სხვებსაც გაუმარტივოს.

თარიღი: 2018/07/06