ირაკლი ზარქუა: ჩვენ ორიენტირებული ვართ სპორტული კომპლექსების მშენებლობასა და შენარჩუნებაზე, ამიტომ გავაგრძელებთ ადგილმონაცვლეობაზე მუშაობას
თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა საკრებულოს სხდომაზე ადგილმონაცვლეობის საკითხს გამოეხმაურა, რომელიც „ვისოლ ჯგუფს“ ეხება. მისი ინფორმაციით, საუბარია დიდ დიღომში მდებარე სპორტულ კომპლექსზე, რომელიც 32 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული.

„ვისოლ ჯგუფს“ ჰქონდა ამ კომპლექსის აშენების და მისი შენარჩუნების ათწლიანი ვალდებულება. ეს ვადა უკვე გასულია და ბიზნესჯგუფს სრული უფლება აქვს, ეს ტერიტორია მისთვის უფრო ხელსაყრელად გამოიყენოს. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა, რომელიც ორიენტირებულია სპორტული კომპლექსების მშენებლობასა და შენარჩუნებაზე, გავაგრძელებთ ადგილმონაცვლეობაზე მუშაობას. ეს საკითხი დღევანდელი დღის წესრიგით აღარ განიხილება, ერთადერთი მიზეზით, რომ უფრო მასშტაბურად, „ვისოლის“ სხვა სპორტულ ობიექტებთან ერთად გაცვლის კონტექსტში, მთლიან სურათში განვიხილოთ,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მან აბსურდი უწოდა განცხადებას, ვითომდა დედაქალაქის მერიასა და „ვისოლ ჯგუფს“ შორის, კორუფციული გარიგება არსებობს. ირაკლი ზარქუას განმარტებით, მონაცვლეობა იმიტომ ხდება, რომ სპორტული კომპლექსი შენარჩუნდეს. მისივე თქმით, მომავალშიც, როდესაც ასეთი საკითხები დადგება დღის წესრიგში, ადგილმონაცვლეობას საკრებულო მხარს აუცილებლად დაუჭერს, რადგან ეს არის სწორი მიდგომა.

თარიღი: 2019/07/23