გიორგი ჩაკვეტაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების მთავარი ამოცანა დესტრუქცია და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლაა“
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, სიტყვით გამოსვლისას, ივნისში განვითარებულ მოვლენებსა და ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ახალ საარჩევნო სისტემას შეეხო. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა ხელისუფლების დემოკრატიული ხელწერა. ჩაკვეტაძის განცხადებით, ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების მთავარი ამოცანა დესტრუქცია და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლაა. მისივე თქმით, ამის ლუსტრაცია 20-21 ივნისის მოვლენების დროს კიდევ ერთხელ მოხდა.

„ისინი არ ერიდებიან ესკალაციას და თუნდაც ლეგიტიმური პროტესტის თავიანთი ვიწროპარტიული ამოცანებისთვის გამოყენებას. ეს ხალხი არაფრად დაგიდევს ქვეყნის ეკონომიკას, ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, მოსახლეობის კეთილდღეობასაც კი“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, ოპოზიცია სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენებასაც კი არ ერიდება.

„ივნისის პროტესტს ქართულმა ოცნებამ პროპორციული არჩევნების 2020-წელსვე ჩატარებით უპასუხა. თუმცა, ძალადობრივ ელემენტს სამართლებრივი პასუხი ყოველთვის გაეცემა. ვიზიარებ ახალგაზრდების ლეგიტიმურ მოთხოვნებს და მჯერა, რომ ახალი საარჩევნო სისტემით კიდევ უფრო მეტი ჩემი თანატოლი ჩაერთვება არჩევნებში“ - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

საკრებულოს წევრმა ის ორი მთავარი მიზანიც გამოჰყო, რომელიც, მისი აზრით, სხდომათა დარბაზში შეკრებილებს უნდა აერთიანებდეს.

„ამ დარბაზში შეკრებისას ჩვენ ორი მთავარი მიზანი გვაქვს: პირველი, ეს არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრობდნენ მშვიდ გარემოში; მეორე - უფრო მეტად მოწესრიგებული და განვითარებული ქალაქის მიზანია. ჩვენი მეორე მიზანი კი ნამდვილად არის უკეთესი თბილისი. დღეს განვიხილავთ 2019 წლის ბიუჯეტის ახალ ცვლილებას. ამ ცვლილებით მოწესრიგდება მუნიციპალური ტრანსპორტი, ათობით ქუჩა, სკვერი, სპორტული ცენტრი და არაერთი საქალაქო ინფრასტრუქტურა. დაგეგმილი პროექტები გაგრძელდება და მათი ნაწილი 2020 წელს დასრულდება.” - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

სიტყვის დასასრულს მან ოპოზიციას კონსტრუქციულ რეჟიმში ყოფნისკენ მოუწოდა.

„რევანში და ამ ქვეყნის დანგრევა აღარ გამოგივათ. თბილისი და საქართველო კი, აუცილებლად გააგრძელებს განვითარებას” - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

თარიღი: 2019/07/23