ეკატერინე მიქაბაძე - მნიშვნელოვანია მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში
მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, სამშენებლო ობიექტებზე შრომის ან ტექნიკური და სამშენებლო უსაფრვითარებათხოების დარღვევაზე მონიტორინგზე, რეაგირებასა და პრევენციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ ინოვაციური მობილური აპლიკაციის -„მშენებლობის უსაფრთხოება“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, საჯარო უწყებების ქმედებები აღნიშნული პრომლების წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტური და კოორდინირებული უნდა გახდეს.

მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა მემორანდუმზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრომ და თბილისის მერიამ გააფორმეს და ინტეგრირებული მონიტორინგის ერთობლივი ღონისძიებები შეიმუშავეს. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგი მოიცავს 22 ძირითადი საკითხის კონტროლს, მათ შორის: არის თუ არა ობიექტზე შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი აკრედიტებული პირი, გამოიყენება თუ არა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, როგორ არის დაცული უსაფრთხოება იქ, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე, რამდენად უსაფრთხოა კიბეები, ლიფტები და ამწეები, ფასდება თუ არა ობიექტზე არსებული რისკები და შემუშავებულია თუ არა დოკუმენტი პრევენციული ღონისძიებებისთვის.

ეკატერინე მიქაბაძემ ასევე ისაუბრა საჯარო და კერძო სექტორში მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, მემორანდუმი ითვალისწინებს საინფორმაციო კამპანიების წარმოებას საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. „ჩვენ მემორანდუმის ამ პუნქტს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოკავშირე ეფექტიანობის ამაღლების კუთხით არის საზოგადოება და მისი აქტიური ნაწილი - ბიზნესი,” – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

GIZ PSD TVET-მა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან თანამშრომლობით შექმნა BG BAU-ს მობილური აპლიკაციის - „BAUSTEINE“ ქართული ვერსია - „მშენებლობის უსაფრთხოება/Construction Safety“ სმარტფონებისთვის, რომელიც შეიქმნა როგორც დამხმარე საშუალება სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისა და უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით.

აპლიკაცია „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამის ფარგლებში საქართველოში OSH-ის მიმართულებით განხორციელებული ინტენსიური ტრენინგების, სამშენებლო მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთა და პარტნიორთა მხარდაჭერის სრული პაკეტის ნაწილს წარმოადგენს.

„სახელმწიფოს მიზანია, რომ აღნიშნულმა ძალისხმევამ სათანადო შედეგი გამოიღოს და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს უსაფრთხოების ხარისხი ქვეყანაში, ადგილი აღარ ჰქონდეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევებს და მათ შორის, ფატალურ შემთხვევებს და სამშენებლო კომპანიებმა, მშენებლობაზე დასაქმებულმა ადამიანებმა და სრულიად საზოგადოებამ გაითავისოს, რამდენად მნიშვნელოვანია მშენებლობის მიმდინარეობისას ყველა იმ ნორმის შესრულება, რომელიც უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

პრეზენტაციაში ასევე მიიღეს მონაწილეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, ბიზნეს ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და სხვა ოფიციალური პირები.

თარიღი: 2019/07/27