მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სააპელაციომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებისა და ასევე საზღვრის კვეთის შესახებ დადგენილი შეზღუდვის გაუქმებას ითხოვდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ასევე, მათ საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე, საქართველოს დატოვება აეკრძალათ.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა.

თარიღი: 2019/07/31