ICAO სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს
ICAO-ში საქართველოს მუდმივმ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს.

საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს ოლუმუივა ბენარდ ალიუს, ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ფანგ ლიუს, საჰაერო ნავიგაციის ბიუროს დირექტორს სტეფან კრემერს, საჰაერო მიმოსვლის მართვის დირექტორატის დირექტორს კრის დალტონს, საავიაციო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორს კატალინ რადუს და ICAO-სთან აკრედიტებული ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა. განხილვის თემა იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ, სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები განახორციელოს.

ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ამგვარი ნაბიჯები არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს ქარტიას, უხეშად ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

თარიღი: 2019/08/02