საქართველოს ენერგეტიკაში 2018 - 19 წლებში დაწყებული პროექტები მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას მოიტანს
ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ინვესტიციებისთვის მიმზიდველ სექტორად რჩება. 2018 – 2019 წლებში საქართველოში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაში 201 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. უკვე გაფორმებულია 28 ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საქართველოში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას შეეხება. მიმდინარე წლის აპრილში კი წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება საქართველოში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობაზე, რომლის დროსაც 750 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, მსგავსი პროექტები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, მისი უწყვეტი ენერგომომარაგებისა და საიმედოობისთვის. „სახეზეა დიდი ინტერესი როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან საქართველოში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის მიმართ. ჯერ ერთი, ქვეყანაში კომერციული და საყოფაცხოვრებო მოთხოვნის ზრდის შედეგად მოხმარება ყოველწლიურად საშუალოდ 5%-ით იზრდება. ინვესტორებისთვის ასევე საინტერესოა ელექტროენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზების კუთხით მიმდინარე რეფორმა, რომლის შედეგად ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზარი ჩამოყალიბდება,“ - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქვეყანას სჭირდება ახალი ენერგეტიკული გენერაციის ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს უწყვეტ ენერგომომარაგებას და განაპირობებენ ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ წინსვლას. მისი თქმით, 2018 – 19 წლებში ექსპლუატაციაში გაშვებული 11 ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 98 მვტ - ია, ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის ენერგოსექტორს კიდევ 16 მცირე და საშუალო ჰიდროსადგური შეემატება, რომელთა დადგმული სიმძლავრეც 100 მვტ , ხოლო სავარაუდო ინვესტიცია 180 მლნ აშშ დოლარი იქნება.

დავით თვალაბეიშვილმა აქცენტი გააკეთა ნამახვანი ჰესის კასკადზე, რომელიც ნენსკრასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. მისი დადგმული სიმძლავრე 433 მვტ-ი იქნება, შედეგად, მშენებლობის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება დაახლოებით 15 პროცენტით გაიზრდება. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთ მსხვილ პროექტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის - ესაა 230 მვტ დადგმული სიმძლავრის თბოელექტროსადგური გარდაბანში, რომელიც 2020 წელს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგომწარმოებელი გახდება.

თარიღი: 2019/08/10