შეგიძლიათ ბიზნესმენობა?
ბიზნესის დაწყება თავისთავად უკვე რისკთან ასოცირდება. რისკის მთავარი მახასიათებელი კი ისაა, რომ წინასწარ არავინ იცის, გაამართლებს თუ არა. ამ სფეროში არავითარი გარანტიები არ არსებობს, თუმცა წარმატების შანსი იზრდება, თუკი რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გააზრება, სწორად დაგეგმვა და შესრულება მოხდება. ერთი სიტყვით ეს ყველაფერი ბიზნესის დასაწყებად მომზადებას ნიშნავს, თუკი არ არის შესაბამისი მზაობა, სჯობს არაფერი წამოიწყოთ. მომზადების პროცესში მოგიწევთ გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები: 

პასუხისმგებლობა

ბიზნესის წამოწყება იმას ნიშნავს, რომ მასზე მთელი პასუხისმგებლობა თქვენ გაქვთ. ნებისმიერი სირთულე და  ყველა დეტალი თქვენი მოსაგვარებელი იქნება. ბიზნესის წარმატებაც და წარუმატებლობაც სწორედ თქვენზე იქნება დამოკიდებული. 

გაბედულება

თუკი ბიზნესმენობა გსურთ გადაწყვეტილებების სწრაფად და მარტივად მიღება უნდა შეგეძლოთ, მათ შორის რისკიანი გადაწყვეტილებების. საწყის ეტაპზე თქვენ მცირე ბიზნესის წარმომადგენელი იქნებით, ეს კი ისეთი სპეციფიკური სეგმენტია, სადაც დიდხანს ფიქრი და ყველაფერზე ყოყმანი დაგაზარალებთ.

ანალიზისა და შორს ჭვრეტის უნარი 

თუკი დაგეგმვა თქვენი ძლიერი მხარე არაა, ბიზნესზე ფიქრს მოეშვით. ამ სფეროში უმთავრესი სწორი გათვლებისა და დაგეგმარების გაკეთებაა. გეგმას კი ანალიზისა და შორს ჭვრეტის უნარის გარეშე ვერ შეადგენთ

​მოტივაცია

ძლიერი მოტივაციის არსებობა ბიზნესში უმთავრესია. თუკი თქვენ პირველივე წარუმატებლობაზე უკან დაიხევთ, მცირე დაბრკოლებისა და პრობლემების გამოჩენის შემდეგ ბიზნესის გაგრძელების სურვილს დაკარგავთ, ესე იგი ის არც არასდროს უნდა დაგეწყოთ. 

კომუნიკაბელურობა

თუკი ადამიანებს ვერ ეწყობით და მათთან ურთიერთობა არც ისე კარგად გამოგდით, სჯობს ბიზნესსაქმიანობასაც ჩამოშორდეთ. ყველა ბიზნესმენს სჭირდება უნარი ხალხთან ურთიერთობის, რადგან მათ მოუწევთ კომუნიკაცია ჰქონდეთ ინვესტორებთან, მომხმარებლებთან, თანამშრომლებთან, კონსულტანტებთან, იურისტებთან, ფინანსისტებთან და ა.შ. 

ფიზიკური და ემოციური მზაობა 

ბიზნესი საკმაოდ შრომატევადი საქმეა, შესაძლოა დღის უმეტესობა სამუშაო პროცესში გაატაროთ, ასევე ბევრ სტრესულ სიტუაციაში მოგიწევთ ყოფნა. ბიზნესის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად მზად ხართ. 

ოჯახი 

ბიზნესში ოჯახის წევრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. დარწმუნდით, რომ ისინი იზიარებენ თქვენს იდეებს. განსაკუთრებით საჭირო ეს საწყის ეტაპზეა, როდესაც თქვენი ბიზნესი მცირეა და შესაძლოა, რაღაც პერიოდის განმავლობაში არც თუ ისე მომგებიანი.

თარიღი: 2019/08/13