4 მიზეზი, რის გამოც FOREVER 21-ი გაკოტრდა
ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანია Forever 21-მა გაკოტრების პროცედურა დაიწყო. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაკოტრების პროცედურის საშუალებით კომპანია რეფორმირებას იწყებს, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული წარუმატებელი მაღაზიები დახუროს. Forever 21-ი 1984 წელს დაარსდა.

Inc.com კომპანიის წარუმატებლობის 4 მიზეზს ასახელებს:

სწრაფი ზრდა - კომპანიამ მხოლოდ 6 წელიწადში 49 ქვეყანაში გახსნა ფილიალი. სტარტაპერთა უმრავლესობა კი სწორედ ამ შეცდომას უშვებს - მოკლე ხანში სწრაფად ზრდას ცდილობს, რაც სავალალოდ სრულდება.

მიზნის დაკარგვა - კომპანიამ ბაზარზე პოზიციონირება თავიდან მოზარდებისთვის დაიწყო და დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა შემდეგ ქალისა და კაცის სამოსიც დაამატა. ამან Forever 21-ის მომხმარებლებში დაბნეულობა გამოიწვია.

კონკურენცია მხოლოდ ფასით - კომპანიამ მოზარდების მოზიდვა დაბალი ფასებით დაიწყო, თუმცა ცოტა ხანში სხვა კონკურენტებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც მომხმარებელს იგივე ფასი და უკეთესი არჩევანი შესთავაზეს. შესაბამისად, Forever 21-ადმი ინტერესმა იკლო.

ტენდენციებს ჩამორჩენა - კომპანიამ მისი მთავარი მომხმარებლის - მოზარდების ინტერესები ვეღარ დაინახა. ისე ჩანდა, რომ კომპანია საკუთარი სახელწოდების მსგავსად, სერვისსაც და პროდუქტსაც სამუდამოდ შეუცვლელს დატოვებდა. არადა, ის რაც გუშინ მოსწონდათ მოზარდებს, დღეს აღარ მოსწონთ - Forever 21-მა კი მათი ხედვა ვერ გაითვალისწინა.

თარიღი: 2019/10/01