რიმა ბერაძის ინიციატივით, მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს აკადემიკოს ფიფიას სახელობის კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ცენტრში სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, დღევანდელი აქციის ფარგლებში, დაახლოებით 80-მა ბავშვმა და მოზარდმა უფასო სამედიცინო სერვისით ისარგებლა.

„ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას სხვადასხვა მიმართულებით უფასო სამედიცინო კვლევებს სისტემატურად ვთავაზობთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო ახორციელებს საყოველთაო დაზღვევის პროგრამას, ასევე თბილისის მერიას 32 მიმართულებით აქვს სამედიცინო პროგრამა, მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრიდანაც ამგვარი დახმარება გავუწიოთ მოსახლეობას“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ბავშვებს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევების გარდა, ყველა სახის გამოკვლევა ჩაუტარდებათ. მისივე განცხადებით, ბავშვებს მოემსახურება პედიატრიული სამსახური; პედიატრის რეკომენდაციით, ჩაუტარდებათ შესაბამისი ლაბორატორიული, რენდგენოლოგიურ-რადიოლოგიური კვლევები, ასევე, საჭიროებისამებრ მიიღებენ ორთოპედ-ტრავმატოლოგისა თუ ნევროლოგის კონსულტაციას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის განწყობა, ისინი ძალიან დიდი მადლიერებას გამოხატავენ მსგავსი აქციების გამო“,- განაცხადა დეპუტატმა.

რიმა ბერაძემ აკადემიკოს ფიფიას სახელობის კლინიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელობასა და სამედიცინო პერსონალს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის აქციები მომავალშიც, სხვადასხვა პროფილის მიხედვით, შესაბამის კლინიკებში გაგრძელდება.

თარიღი: 2019/10/12