ბოლივუდის მასხრები და პოლიტიკური ჭინკები ოპოზიციის სახით, ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება რამენაირად უკუღმა და ნეგატიურად წარმოაჩინონ - ირაკლი ზარქუა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივებზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და თბილისში პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიცია უსუსური და სამარცხვინოა და ისევ ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

 „ადამიანს, რომელმაც სამების ტაძარი ააშენა, დააფინანსა - 400-ზე მეტი სკოლის, თსუ-ს პირველი კორპუსის, ოპერის, კონსერვატორიის და ათეულობით სხვა მნიშვნელოვანი ობიექტის რეაბილიტაცია; 600-მდე ხუროთმოძღვრული ძეგლი შეუნარჩუნა მომავალ თაობებს, ადამიანს, რომელიც წლებია ემსახურება საქართველოს და 3 მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაში, რომელმაც ააშენა ბლექ სი არენა, „ციცინათელა“ და უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს, რომელიც აარსებს თანამედროვე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს; აფინანსებს აბასთუმნის და წყალტუბოს განვითარების პროექტებს რეგიონების ასაღორძინებლად - აი ასეთ ადამიანს, ეს ბოლივუდის მასხრები და პოლიტიკური ჭინკები ბედავენ და აუგად იხსენიებენ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციას სალაპარაკო არ აქვს და მხოლოდ სიცრუესა და შეურაცხყოფაზეა გადასული. ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას, რადგან ეს სჭირდება საქართველოს,“ -განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბიძინა ივანიშვილის იმ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც თბილისში 400 ჰექტარზე ტყის მასივის განახლებას გულისხმობს.

„ეს არის ტერიტორია მთაწმინდის პარკიდან კუს ტბამდე. სანიტარული ჭრების დროს აღმოჩნდა, რომ აქ სატყეო საფარი მოძველებულია. ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩადოს ინვესტიცია 15 მილიონი ლარის ოდენობით, რომ განაახლოს და გადაარჩინოს თბილისის უნიკალური ტყის მასივები. ეს ტერიტორია რჩება დედაქალაქის საკუთრებაში და ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ყველა უნდა მივესალმებოდეთ ასეთ საშურ საქმეს ჩვენს ქალაქში და ამ დროს ბოლივუდის მასხარა ხაბეიშვილი გამოდის და მადლობის თქმის ნაცვლად, რაღაც სისულელეებს აფრქვევს,“-დასძინა ირაკლი ზარქუამ.

თარიღი: 2019/11/04