გიორგი ტყემალაძე - ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც სოლოლაკიდან კუს ტბამდე ტერიტორიაზე დაავადებული და გამხმარი ხეების კავკასიური ჯიშებით ჩანაცვლებას გულისხმობს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მისივე თქმით, მსგავსი ინიციატივები დედაქალაქს სჭირდება.

„სოლოლაკიდან კუს ტბამდე ტერიტორიაზე, დაახლოებით 400 ჰექტრის გასამწვანებლად, 15 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ვფიქრობ, რომ ესაა სწორედ ის ინიციატივა, რომელიც თბილისს სჭირდება, რადგან ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. დარწმუნებული ვარ, პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისს კიდევ ერთი, ჟანგბადით მდიდარი, გამწვანებული არეალი შეემატება“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდობზე გამხმარი და დაავადებული მცენარეები კავკასიისთვის დამახასიათებელი სახეობებით ჩანაცვლდება, მათ შორის: მინდვრისა და მთის ნეკერჩხლებით, კავკასიური ფიჭვით, საკმლის ხით, მუხით და სხვა. გარდა ამისა, მოეწყობა ბილიკები და მოსასვენებელი ადგილები.

თარიღი: 2019/11/04