გიორგი ჩაკვეტაძე: თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი ისტორიულ ნიშნულს აღწევს, ოპოზიცია კი საქართველოს დაბოქლომებას ცდილობს“
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ დღეს როდესაც დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი ისტორიულ ნიშნულს აღწევს ოპოზიცია საქართველოს დაბოქლომებას ცდილობს.

საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კომისიის თავმჯდომარემ ოპოზიციას ურჩია მოქმედებები „შეცვალონ“ და „არეულობა არ გაბედონ“.

„ამ ვითომ პროტესტით ბოქლომს არა ჩვენ, არამედ დიმიტრი ყიფიანს, ზვიად გამსახურდიასა და ილია ჭავჭავაძეს ადებენ. საქართველოს დაბოქლომებას ცდილობენ. არჩევნებზე ამათთვის განაჩენი ქართველ ხალხს გამოაქვს. თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი ისტორიულ ნიშნულს მიაღწევს. 1 მილიარდ 20 მლნ ლარი, ანუ 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტზე 92 მლნ. ლარით მეტი, ჩვენ საარჩევნო პრიორიტეტებსა და მოქალაქეების მოთხოვნებს უპასუხებს. კომისიამ სპორტისა და ახალგაზრდული მიმართულებით პროექტი სრულად განიხილა. სპორტის მიმართულება 6 მლნ. ლარით გაიზარდა. რადგან 2020 ოლიმპიური წელია მაქსიმალურად განხორციელდება სპორტული კლუბებისა და ეროვნული ფედერაციების ხელშეწყობა“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისივე თქმით, გაგრძელდება და დასრულდება ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა ვარკეთილისა და დიდი დიღმის მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, ლილოში საცურაო აუზის მშენებლობა და სპორტული დარბაზების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„ახალგაზრდული მიმართულებით 1, 1 მლნ. ლარით ზრდა სამგორის ახალგაზრდული სახლის რეაბილიტაციას და კოჯრის ახალგაზრდული სოფლის პროექტის შეძენას მოხმარდება. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ამ შენობაში არ შემომიშვას და “მონას“ გაიძახის, საზოგადოება არჩევნებზე თავად განსჯის ვინ არის მონა და ვის არ უნდა ჰქონდეს წარმომადგენლობითი მანდატი“,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

თარიღი: 2019/11/22