საკრებულოში ორი საჯარო სკოლისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელების მინიჭებაზე იმსჯელეს
თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის 62-ე საჯარო სკოლისთვის - ჟიული შარტავას, ხოლო 94-ე საჯარო სკოლისთვის ჯამბულ წურწუმიას სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის საკითხებზე იმსჯელეს. 

სკოლებისთვის სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის ინიციატივა განათლებისა და კულტურის კომისიამ სკოლების მიმართვის საფუძველზე, საჯარო სხდომის ფორმატში განიხილა. 

 „სკოლისთვის გმირის სახელის მინიჭება ნიშნავს, აღზარდო მომავალი თაობა წარსულის ღირებულებითა და მომავლის რწმენით, სწორედ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებითა და პასუხისმგებლობით განვიხილავთ სკოლებისთვის სახელის მინიჭების შესახებ თანხმობის გაცემის საკითხს.“ - განაცხადა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა.

საჯარო განხილვაში თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სსიპ თბილისის 62-ე და სსიპ თბილისის 94-ე საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები, ასევე სკოლებში მომუშავე პერსონალი, მოსწავლეები და მშობლები. სხდომას ჟიული შარტავასა და ჯამბულ წურწუმიას ოჯახის წევრები და მემკვიდრეები ესწრებოდნენ. 

საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა სეპარატისტებმა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს. 2004 წელს, მას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მაიორი ჯამბულ წურწუმია ასევე  აფხაზეთის ომის გმირია. 1993 წლის 18 სექტემბერს სეპარატისტების მორიგი შემოტევისას, მდინარე კოდორთან გამართულ სასტიკ ბრძოლებში გმირულად დაიღუპა და სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯამბულ წურწუმიამ ნაწარმოები „აპოკალიფსის მხედარი“ შექმნა, რომელიც საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა გიორგი შერვაშიძის პრემიით დააჯილდოვა.  

 

ავტორი: Business Post
თარიღი: 2020/02/06