​ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი: „მეორე ინფორმაციული რევოლუცია ხდება – პირველი იყო ინტერნეტი, ახლა არის ბლოკჩეინი" 
„როდესაც საუბარია მცირე მთავრობაზე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად, მეორე ინფორმაციული რევოლუცია ხდება – პირველი იყო ინტერნეტი და ახლა არის ბლოკჩეინი, რომელსაც მეორე ინტერნეტსაც კი უწოდებენ.

„სად მივა ეს ყველაფერი და რით დასრულდება, არავინ იცის. ეს ახალი ხილია, როგორც ჩვენთვის, ისე ევროპისა და ამერიკისთვის, თუმცა უნიკალურ საშუალებას გვაძლევს. შეგვიძლია და გვაქვს ამის ბუნებრივი უპირატესობა, რომ მივიღოთ სარგებელი და რაღაცნაირად ამაზე მოვახდინოთ კაპიტალიზაცია. ბლოკჩეინის მთელი მაინინგის, მსოფლიო ენერგიის 6 პროცენტს საქართველო აწარმოებს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმითვე, კერძო სექტორი ამ პროცესით სარგებელს, ბუნებრივია, მიიღებს თუმცა, უმნიშვნელოვანესია, რომ ციფრულ ტექნოლოგიას სახელმწიფო მმართველობა მაქსიმალურად დაეფუძნოს. 

„თუ სახელმწიფო მმართველობას მაქსიმალურად დავაფუძნეთ ამ ციფრულ ტექნოლოგიაზე, ეს გამოგვითავისუფლებს ბევრ ბიუროკრატიულ მომენტსა და თანხებს, რომელსაც შემდეგ, შევეცდებით, მივმართოთ იმ პრობლემების დასაბალანსებლად და მოსაგვარებლად, რომელიც მოსახლეობას აქვს“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა. 

 

თარიღი: 2018/07/14