საგარეო უწყება: ყატარიდან ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად ორმაგდება
ყატარში საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის „ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის თანდასწრებით, ყატარის მხრიდან მემორანდუმს ხელი ტურიზმის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჰასან ალ-იბრაჰიმმა მოაწერა.

მემორანდუმი ორი ქვეყნის ტურისტულ სექტორებს შორის აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს ტურ ოპერატორებსა და  ტურისტულ სააგენტოებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, კერძო სექტორის წახალისებას ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელების კუთხით და სხვადასხვა ერთობლივი ტურისტული პროექტების მხარდაჭერას.

საგარეო უწყების ცნობით, საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, ყატარში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ამას ხელს უწობს უვიზო რეჟიმი და ყოველდღიური პირდაპირი ფრენები დოჰა-თბილისის მიმართულებით.  გასული 5 წლის განმავლობაში ყატარიდან ვიზიტორების რაოდენობა საშუალოდ ყოველწლიურად ორმაგდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან აღნიშნული მემორანდუმი ხელმოწერილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის მიერ.

დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ხელს შეუწყობს.

თარიღი: 2018/05/04