როგორ უნდა დაიმსახუროთ გუნდის წევრების პატივისცემა
სამუშაო ჯგუფის ნებისმიერმა ლიდერმა იცის, რომ პროექტის ბედი წყდება არა შეხვედრებზე, არამედ მათ შორის შესვენებისას. თუმცა, გუნდის მოტივაციის შენარჩუნება და მისი თითოეული წევრის კოორდინირება არც ისე მარტივი ამოცანაა. იდეალურ შემთხვევაში, შეხვედრის დასასრულს, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ჯგუფის ყველა წევრმა იცის რა და როგორ უნდა გააკეთოს, მაგრამ ეს მიზნის მისაღწევად საკმარისი არ არის.

შეხვედრის შემდეგ გადაუდებელი საკითხები წარმოიქმნება, იცვლება გარემოებები და პრიორიტეტები. ბევრ თანამშრომელს ოფისში იმაზე მეტი დროის გატარება უწევს, ვიდრე სურს და ამასთან, სახლშიც უწევთ მუშაობის გაგრძელება. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ბევრ კომპანიაში თანამშრომლები ვერ შეძლებენ შეასრულონ ყველაფერი, რაზეც თავიდან შეთანხმდნენ. გარდა ამისა, ზრდასრული თანამშრომლები ხშირად აძლევენ საკუთარ თავს ინფანტილური მიზეზების დასახელების უფლებას. მათგან შესაძლოა შემდეგი განმარტებებიც მოისმინოთ: „ვერ შევამჩნიე დრო როგორ გაიქცა“ ან „სხვა დავალებამ ყურადღება გამაფანტვინა“და ა.შ. მართლაც, ამგვარ საბაბებთან ბრძოლა რთულია, თუმცა  შესაძლებელია.

სამუშაო შეხვედრის დასასრულს კონკრეტული ამოცანები და მათი შესრულების ვადები განსაზღვრეთ. მაგალითად, შეგიძიათ თქვათ: „გააკეთე X, Y დროისთვის, ან გამაფრთხილე რომ არ შეგიძლია, ან ვერ მოასწრებ“. პროექტის დასრულების ვადა ავტომატურად არ განსაზღვროთ. სასურველი იქნება თუ მოიწვევთ კოლეგებს და მათთან ერთად დაადგენთ, თუ როდის შეძლებენ სირთულის გარეშე სამუშაოს შესრულებას...

სთხოვეთ პერსონალს წინასწარ გაგაფრთხილოთ, თუ რამე არ მუშაობს ან გეგმის მიხედვით არ მიდის. ხშირ შემთხვევაში სათანადო კომუნიკაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უნაკლოდ შესრულებული ამოცანა. თუ გსურთ, რომ კოლეგებს თავიანთი ვალდებულებები შეასრულებინოთ, პირველ რიგში, ეცადეთ, რომ მათ ამ ვალდებულების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა გაუღვივოთ.

პროექტის მონაწილეებს შეხვედრებზე მოკლე გეგმა მიეცით, დაახლოებით ერთგვერდიანი. მეტი ეფექტურობისთვის შეგიძლიათ ჯგუფის ერთ წევრს, მომდევნო შეხვედრამდე, სხვების დავალებების განხორციელების პასუხისმგებლობა ააღებინოთ. ნუ ჩათვლით ამ საქციელს მიკრომენეჯმენტის ნაწილად ან ნდობის ნაკლებობად-ეს უბრალოდ პროექტის კომპეტენტური მართვაა.

მიუთითეთ სამიზნე. შეიძლება ითქვას, რომ ამის გარეშე ვერცერთი დავალება სრულყოფილად ვერ შესრულდება. არ ელოდეთ დაუყოვნებლივ შედეგებს, უფრო მნიშვნელოვანი მოქმედების ზოგადი პრინციპების შემუშავებაა. მაგრამ ეცადეთ, რომ არა ზედამხედველი, არამედ თანამგრძნობი იყავით. გახსოვდეთ, რომ გუნდის თითოეულ წევრს პირადი ცხოვრებაც აქვს, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა რამ იცით. შესაბამისად, ისინი მთელ დროს თქვენი დავალებების შესრულებას ვერ მოახმარენ. ამიტომ გაატარეთ დრო მათთან ერთად და გაითვალისწინეთ მათი ცხოვრებისეული სიტუაციები თუ გამოწვევები. ამ გზით, თქვენ დაიმსახურებთ მათ პატივისცემას და შესაბამისად, ისინიც შეეცდებიან, რომ მოთხოვნა შესაბამისად შეასრულონ.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ დასახელებული ყველა  რჩევა არ იმუშავებს და სასურველ მიზანთან მისვლა გაგიჭირდებათ, აუცილებლად უნდა განიხილოთ ეს პრობლემა უშუალოდ თქვენს ჯგუფთან ერთად. ღია და გულწრფელი დიალოგი ვალდებულებების შესრულებაზე ძალიან კონსტრუქციული ღონისძიებაა...

თარიღი: 2019/04/23