სააქსელერაციო პროგრამა სტარტაპერებისთვის სექტემბერში გამოცხადდება - რას სთავაზობს დამწყებ ბიზნესმენებს “მომავლის ლაბორატორია”
მოლდოვაში ტექნოპარკის მშენებლობაში მონაწილე ქართული კომპანია სექტემბერში სტარტაპერებისთვის სააქსელერაციო პროგრამას გამოაცხადებს.  Future Laboratory ამ ეტაპზე ინოვატორი ახალგაზრდების ძებნით, გადამზადებითა და სტარტაპ იდეების ბიზნესად ქცევითაა დაკავებული. კომპანიამ, რომელიც საქართველოში წელიწადნახევრის წინ გამოჩნდა,  ადგილის დამკვიდრება უკვე საერთაშორისო ბაზარზეც  მოასწრო. მისი დამფუძნებლები ტექნოპარკის ყოფილი დირექტორი ირაკლი ქაშიბაძე და ახალგაზრდა ინოვატორი გიორგი ხაჩიძე არიან. „ბიზნესპოსტმა“  „მომავლის ლაბორატორიის“ საქმიანობისა  და  მათ მიერ განხორციელებული თუ მნიმდინარე პროექტების შესახებ სწორედ მათგან გაიგო.

ირაკლი ქაშიბაძე:  კომპანია Future Laboratory-ის საქმიანობა ორ ნაწილად იყოფა: კონსალტინგი და მენეჯმენტი ინოვაციების მიმართულებით. ჩვენ  ინოვაციების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, სტარტაპების აქსელერაციის, ინოვაციური ტრანსფორმაციისა და მომავლის პროფესიების მიმართულებებით საგანმანათლებლო პროექტებზე ვმუშაობთ. კომპანია, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ დაარსდა და მისი საქმიანობა  ინოვაციების მიმართულებით საერთაშორისო კონსალტინგით დაიწყო, თუმცა უკვე 1 წელზე მეტია, რაც  ჩვენს საქმინობას მენეჯმენტის მიმართულებაც დაემატა.

საწყის ეტაპზე ჩვენი სტარტაპ ფონდი  100 000 ლარია, რომლითაც ინოვაციური და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპ კომპანიები ფინანსდებიან. ფონდმა თანხები იაპონელი, ამერიკელი და ადგილობრივი ინვესტორებისაგან მოიზიდა. ფინანსდება პროექტები, რომლებმაც UG Startup Factory-ის სააქსელერაციო პროგრამა გაიარეს, თუმცა იგეგმება სხვა პროექტების დაფინანსებაც.

-მოლდოვაში ტექნოპარკის მშენებლობაში მიიღებთ მონაწილეობას. რა არის თქვენი მისია?

-კომპანია უკვე 1 წელზე მეტია, მოლდოვის მთავრობისა და USAID-ის დაკვეთით, საკონსულტაციო პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 3 რეგიონალური ტექნოლოგიური პარკის კონცეფცია შეიქმნა, ხოლო ერთზე სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

-ახლახან ქალაქ ტულუზაში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდით.  რამდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს საქმიანობას?

გიორგი ხაჩიძე:  ქ.ტულუზაში კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ფაბლაბების საერთაშორისო კონფერენციაში Fab14-ში, სადაც მიეცა საშუალება, გამოსულიყო პრეზენტაციით და გაეცნო მისი საქმიანობა 1000-ზე მეტი დამსწრესთვის, რომელთა შორისაც იყვნენ ამერიკისა და ევროპის წამყვანი სკოლებისა და ფაბლაბების წარმომადგენლები. კომპანიის პროგრამებით დაინტერესდნენ როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებთან მუშაობაც ახლაც მიმდინარეობს.

- ამჯერად საქართველოში რა ტიპის პროექტებზე მუშაობთ?

- კომპანია ამ ეტაპზე საგანმანათლებლო სექტორში რამდენიმე პროექტზე მუშაობს. მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის UG Startup Factory-ის მენეჯმენტზე, სადაც საქართველოში პირველად ხორციელდება 500 სტარტაპის  მუშაობის პრინციპზე დაფუძნებული სააქსელერაციო პროგრამა სტარტაპებისთვის,  რომლის პირველი ეტაპიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

Future Laboratory ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობს სკოლებთან, რათა შეიქმნას და დაინერგოს სასკოლო ინოვაციების ცენტრები, ფაბლაბი,  სასწავლო პროგრამები 1-10 კლასის მოსწავლეებისთვის და პროექტებზე დაფუძნებული სწავლება, რაც თავის მხრივ,  განუვითარებს  მათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და დაეხმარება გახდნენ კონკურენტუნარიანნი სწრაფად ცვალებად მსოფლიოში. პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებით სამინისტროსთან კომუნიკაცია გვაქვს და ვიმედოვნებთ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ასევე,  სექტემბერში სააქსელერაციო პროგრამას გამოვაცხადებთ, რომლის შესახებაც ჩვენს „ფეისბუქ გვერდზე“ დავწერთ და სარეგისტრაციო ფორმასაც დავურთავთ. ამის შემდეგ, აპლიკანტებს შესარჩევი ეტაპის გავლა მოუწევთ. საბოლოოდ, პროგრამაში 10 სტარტაპი მიიღებს მონაწილეობას.

 

თარიღი: 2018/08/10