ლოიალური თანამშრომლები - რატომ მუშაობენ Kodak-სა და Microsoft -ში ადამიანები უფრო დიდხანს, ვიდრე VISA-სა და Google-ში
„ადამიანური რესურსების მაღალი ბრუნვა კომპანიაში იგივეა, რაც შენობის აგების მცდელობა ქვიშით, რომელიც ნებისმიერ დროს ჩამოიშლება. შეუძლებელია კონკურენციის გაძლება ასეთი პირობებით. ლოიალურობა - ეს ყველაფერია“ - ასე ახსნა კანადელმა ბიზნესმაგნატმა, ინვესტორმა და ფილანტრობმა,  Jim Pattison Group-ის ერთადერთმა მფლობელმა და დამფუძნებელმა, ჯეიმს ალენ პატისონმა საკუთარი წარმატების არსი, როდესაც თანამშრომელთა რაოდენობამ 45000-ს, ხოლო კომპანიამ 10 მილიარდიან ბრუნვას მიაღწია.

პატისონის მტკიცება რომ აბსოლუტურად რაციონალური აღმოჩნდა, ეს University of Warwick-ის მეცნიერებმა კვლევის შედეგების საფუძველზე დაადასტურეს. მათი თქმით,  ლოიალური თანამშრომლები უკმაყოფილო კოლეგებზე 12%-ით უფრო პროდუქტიულები არიან. ისინი ხედავენ ორგანიზაციის საქმიანობის მიზნობრიობას, დარწმუნებულები არიან მის სტაბილურობასა და განვითარების პოტენციალში და მზად არიან, გააკეთონ ყველაფერი შესაძლებლობების ფარგლებში, მაშინაც კი, თუ კომპანიაში არსებული პრობლემების შესახებ  არიან ინფორმირებულები.

ლოიალურობა - ეს არ არის ბრმა მიყოლა და დამოკიდებულება. ეს ნიშნავს კომპანიაზე ზრუნვას და საკუთარი ვალდებულებების გაცნობიერებას. თავის მხრივ, კომპანიაც ვალდებულია, გადაიხადოს ლოიალურობისთვის.

გასათვალისწინებელია, რომ თანამშრომლები ლოიალურები მაშინ ხებიან, როდესაც კომპანიის კულტურული ღირებულებები და მიზნები მათ შეხედულებებთან თანხვედრაში მოდიან და კომპანიის მხრიდან თითოეულის მიერ შეტანილი წვლილიც სათანადოდ არის დაფასებული.

კომპანიების გარკვეულ ნაწილში ლოიალურობას ისე აღიქვამენ, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას. გვხვდება ისეთი ფაქტებიც, როდესაც ვეტერან თანამშრომლებს გაცილებით ნაკლებს უხდიან, ვიდრე ახლადაყვანილ კადრებს.  ხდება უარესიც - ხანდახან ისეთ თანამშრომლებს, რომლებიც კომპანიაში დიდხანს მუშაობენ, ისე უყურებენ, როგორც უიღბლოებს, რომლებსაც განვითარების შიში აქვთ და სხვა სამსახურის პოვნა არ შეუძლიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლოიალურობას უყურებენ არა როგორც ღირებულებას და კონკურენტულ უპირატესობას, არამედ როგორც წარსული დროის გადმონაშთს.

არადა, სწორედ ასეთი თანამშრომლების არარსებობა ანადგურებს კომპანიას შიგნიდან. ეს მდგომარეობა კი კლიენტებსაც გადაეცემათ, რომლებიც, თავის მხრივ, პრობლემის მოგვარებას კონკურენტების დახმარებით ცდილობენ. ეს უკვე კომპანიის კრახის დასაწყისია.

ყველაფერი ძალიან ლოგიკურია: მომხმარებლების ლიოალურობა თანამშრომლების ლოიალურობიდან იწყება. არალოიალური კადრები თავს არ იწუხებენ კლიენტების კმაყოფილების დონის ასამაღლებლად და ახლების მოსაზიდად. მეტიც, ისინი არსებულ მომხმარებლებსაც აფრთხობენ, მათთვის იმედის გაცრუებას არ ერიდებიან, რადგან მათთვის ისინი მშვიდი ცხოვრების გზაზე წარმოქმნილ დაბრკოლებად აღიქმება.  

ანალიტიკურმა ცენტრმა PayScale-მა თანამშრომლებთან ლოიალური დამოკიდებულების შესასწავლად ხუთასამდე ყველაზე მსხვილი კომპანიის მონაცემები გაანალიზა. აღმოჩნდა, რომ მთავარი ფაქტორი, რომელიც ლოიალურობას განსაზღვრავს, ყოველთვის ხელფასი  არაა. მაგალითად, AIG-ში თანამშრომლების მუშაობის საშუალო ხანგრძლივობამ 5 წელი შეადგინა, რაც სამჯერ მეტია VISA-ში მუშაობის ხანგრძლივობაზე. აქ ეს მაჩვენებელი 1,8-ის ტოლია, მიუხედავად იმისა, რომ VISA თანამშრომლებს 30%-ით მეტს უხდის.

ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ლიდერული პოზიცია Microsoft-ს  უჭირავს. აქ თანამშრომლები სამუშაოს, დაახლოებით, 4 წელი ინარჩუნებენ. Google-ში კი, რომელიც კონკურენტებთან შედარებით მაღალ ხელფასს იხდის, საშუალო მაჩვენებელი 1 წელს აჭარბებს. მწარმოებლებს შორის გამოიყოფა Eastman Kodak-ი, რომლებსაც ადამიანები ერთგულად 20 წლის განმავლობაშიც ემსახურებიან. ამასთან სატვირთო მანქანების ცნობილი მწარმოებელი Paccar Corp-ი მაღალი ანაზღაურების საფუძველზეც ვერ ახერხებს კადრების შენარჩუნებას.

როგორც აღმოჩნდა, სხვაობა სტრესის დონეში,  სამუშაო გარემოსა და მეგობრულ ატმოსფეროშია. მაგალითად, Kodak-ში სამუშაოთი კმაყოფილი თანამშრომელთა რიცხვი 1,5-ჯერ მეტია, ვიდრე Paccar Corp-ში.  ყველაზე დიდი სხვაობა კი მდგომარეობს იმაში, რომ კომპანია ზრუნავს საკუთარ თანამშრომლებზე და ეს უკანასკნელებიც ამიტომ ენდობიან მას. თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ არა ერთი, არამედ რამდენიმე მიზეზი იმისთვის, რომ მოახდინონ საკუთარი ცოდნის, უნარების, კომპეტენციების, იდეების კონკრეტულ კომპანიაში ინვესტირება. ლოგიკა მარტივია - პროფესონალები მზად არიან  ჩადონ საკუთარი თავი კომპანიაში, თუ კომპანია დებს მათში რესურსსა და დროს, არ აკლებს მზრუნველობასა და ძალისხმევას.

რამდენიმე პრინციპი, რაც დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, თუ მას საკუთარი კადრების ლოიალურობის უზრუნველყოფა სურს

ადამიანებს სჭირდებათ კომპანიის დახმარება მათი უნარების გამოსამჟღავნებლად.

სწრაფვა, იყო რაიმე დიდის ნაწილი - ეს ნებისმიერის ბუნებრივი მოტივატორია. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფიებლად თანამშრომლები თავს საჭიროდ და მნიშვნელოვნად უნდა გრძნობდნენ. სხვა შემთხვევაში, ისინი სამუშაოს სხვა ადგილას მოძებნიან,  სადაც მათ კომპეტენციას და ღირებულებებს სათანადოდ დააფასებენ.  

ნებისმიერ კომპანიაში აღმოჩნდებიან ისეთებიც, რომლებსაც ვერაფრით მოიმადლიერებთ. მათთვის ჭიქა ყოველთვის სანახევროდ ცარიელი დარჩება. სჯობს მათგან მანამ გათავისუფლდეთ, სანამ კომპანიაში საქმე გაფუჭდება.  

გახსოვდეთ, ლოიალურობა პირდაპირ გავლენას ახდენს ორგანიზაციის ეფექტურობაზე.

დააფასეთ ადამიანები მათ მიერ გაკეთებული საქმეების და არა სიტყვების მიხედვით. ასე იმედი არასდროს გაგიცრუვდებათ.

 

წყარო: forbes

 

თარიღი: 2018/10/29