ჩვენი ნათესავები ჩვენს სამსახურში
ხშირად ხდება, რომ ხელმძღვანელებს სამსახურში აჰყავთ ნათესავები ან მეგობრები. თუ ისინი შეეფერებიან თავიანთ პოზიციას და კარგად ართმევენ თავს დავალებებს და ფუნქციებს, მაშინ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ზოგჯერ არის, რომ პროფესიონალიზმით ჩამორჩებიან პოზიციას, ან არასათანადო პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს.

ამას ხშირად სხვა თანამშრომლების დემოტივაცია მოჰყვება, საქმესაც რაღაც აკლდება და დამატებითი კადრის აყვანაა საჭირო, რაც უკვე რესურსების არაეფექტიანი ხარჯვაა. ასევე ნათესავის მიმართ იზრდება უარყოფითი დამოკიდებულება, მისი სამსახურიდან დათხოვნა კი ძალიან რთული გადაწყვეტილებაა და ამას მისი დაკარგვა და ურთიერთობის გაფუჭება ახლავს თან. თავის დროზე როდესაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ახლობლის აყვანაზე, მაშინ დავაყენეთ საფრთხის წინაშე სამსახურებრივი და ახლობლური ურთიერთობა და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში მთავრდება ეს წარმატებით.

ერთჯერადი მოქმედებების გატარება ასეთ დროს არაეფექტურია, რადგან მომავალში კვლავ შეიძლება დადგეს იგივე საფრთხე. ჩვენ გთავაზობთ სტრატეგიას, რომლითაც არა ერთჯერადად და სპონტანურად, არამედ რეალურად აღმოიფხვრება ეს პრობლემა გრძელვადიანი პერსპექტივით.

1. კადრების მიღების პროცედურა – კადრების მიღებაზე გადაწყვეტილების მიმღები პირი უნდა შეიცვალოს. მანამდე თუ დირექტორი იღებდა გადაწყვეტილებას კადრის აყვანაზე და ახლობელს ვერ ეუბნებოდა უარს, ამიერიდან ეს უნდა ხდებოდეს კომიტეტური წესით:

უნდა შეიქმნას საკადრო კომისია, რომელიც ობიექტურად გადაწყვეტს კადრების აყვანის საკითხს. მასში უნდა შედიოდნენ კადრები სხვადასხვა სტრუქტურებიდან, ჰქონდეთ ცხადი ინფორმაცია, როგორი კადრია საჭირო პოზიციისათვის, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, და მაქსიმალურად მიუკერძოებლად ცდილობდნენ გადაწყვეტილების მიღებას.

რა თქმა უნდა, კონკურსში მონაწილეობა ყველას ნათესავს შეეძლება, ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ იარსებებს, მაგრამ კომისიის არსებობით ჩაკეტავთ კარს არაპროფესიონალი, პოზიციისათვის შეუსაბამო პირებისათვის. ხოლო ახლობელი ადამიანი ვერ დაადანაშაულებს ხელმძღვანელს ან აწმყვან პირს და ვერც გაუნაწყენდება არაყვნის შემთხვევაში.

ეს რეალურად პრევენციული ნაწილია იმისა, რომ შემდგომშიც არ დადგეს ორგანიზაცია ან კონკრეტული პირი მსგავსი პრობლემის წინაშე.

2. წესები ორგანიზაციაში – ორგანიზაციაში უნდა არსებობდეს წესები/შეზღუდვები პოზიციებთან მიმართებაში, სადაც ერთმანეთის ნათესავები არ უნდა მუშაობდნენ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია იერარქიულად დაქვემდებარებულ პოზიციებზე არ იყვნენ ერთმანეთის ახლობლები, ასევე შეიძლება ისეთ პოზიციებზე შეზღუდვის დაწესება, სადაც ხდება ერთი ორგანოს მიერ მეორეს კონტროლი. (მაგალითად, მომსახურების ხარისხის კონტროლის ოფიცერი და მომსახურე პერსონალი არ უნდა იყვნენ ახლობლები).

რა თქმა უნდა, ეს წესები ერთმა ადამიანმა არ უნდა ჩამოწეროს, რამდენიმე უნდა იღებდეს მონაწილეობას და ყველა გადაწყვეტილებას მყარი არგუმენტები უნდა სჭირდებოდეს, რა საფრთხეები არსებობს ახლობლების ამ პოზიციებზე ყოფნით.

3. შემოღებული წესების დანერგვა – პირველ რიგში უნდა გაკეთდეს არსებული დარღვევების ანალიზი – სად არის ის შემთხვევები, სადაც ნათესავები იმყოფებიან „აკრძალულ“ ურთიერთდამოკიდებულებაში პოზიციურად. ამის შემდგომ უნდა მოხდეს მათი გადანაცვლება, სხვა თანამშრომელბთან ადგილების გაცვლა, სადაც ეს შესაძლებელია და რაც კარგ შედეგს გამოიღებს. შესაძლოა ახლობელი სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადავიდეს სრულიად ახალ პოზიციაზე, ან რომელიმე სხვა თანამშრომელს გაუცვალოს ადგილი.

ამ გადანაცვლებებით ახლობელს გაეზრდება პასუხისმგებლობა, რადგან მისი ხელმძღვანელი სხვა იქნება, ან სხვის მიერ გაკონტროლდება და არ დახუჭავენ თვალს მის არაპროფესიონალიზმზე ან უპასუხისმგებლობაზე.

შეიძლება ახლობელს ჯერ არ ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა და კომპეტენცია ახალ პოზიციაზე გადასასვლელად. ამ შემთხვევაში, თუ მას რეალურად გააჩნია პოტენციალი და მონდომება იმისა, რომ ისწავლოს, განვითარდეს და დაეუფლოს ახალ პოზიციას, უნდა მოხდეს მისი დახმარება და ხელშეწყობა ამ მიმართულებით: თრეინინგებსა და კურსებზე გაშვება, ლიტერატურისა და მასალის მიწოდება, რომელსაც დაამუშავებს და გაეცნობა, ასევე მენტორის გაჩენა მისთვის.

თუ აქვს თანამშრომელს პოტენციალი და მონდომება, ისწავლოს და განვითარდეს, ის შეძლებს აითვისოს საჭირო ცოდნა და შეუდგეს მუშაობას ახალ პოზიციაზე.

მაგრამ, თუ ვერ ხერხდება გადანაცვლება, მაშინ ხელმძღვანელი უნდა დაეხმაროს მას ახალი სამსახურის მოძებნაში.

რეალურად, ყველა ხელმძღვანელს აქვს გარკვეული ბიზნეს -კავშირები, სანაცნობო წრე და შეუძლია მათ შეეხმიანოს და ვაკანსიების არსებობის შესახებ ინფორმაცია თხოვოს. ასევე აუცილებელია ახლობლის გაფრთხილება, რომ გარკვეული ვადის შემდეგ მას მოუწევს სამსახურის დატოვება და დაიწყოს ზრუნვა ახალი სამსახურის მოძებნაზე

ეს მისთვისაც საუკეთესო გამოსავალი იქნება, რადგან სხვაგან გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებს, გაიზრდება და განვითარდება, რადგან მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობს.

ამ სტრატეგიით შესაძლებელი იქნება სამომავლოდ ახლობლების აყვანით გამოწვეული რისკის პრევენცია და თუ უკვე არსებობს ეს რისკი, მისი განეიტრალება უმტკივნეულოდ. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, მუდმივად უნდა ვზრუნავდეთ ახლობლებთან და ნათესავებთან დადებით, ხშირ ურთიერთობას სამსახურს გარეთ, რაც განამტკიცებს ახლობლობასა და მეგობრობას.

 

წყარო: strategy.ge

ავტორი:
თარიღი: 2018/10/31