უჩვეულო მოვლენა: სტუმრებით სავსე ბაკურიანი და უკმაყოფილო ტურისტული ბიზნესი
შობა-ახალი წლის დღეებში საქართველოში ყველაზე დატვირთული და მხიარული კურორტები ბაკურიანი და გუდაურია. ამ კურორტებს არა მარტო უცხოელები, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდანდან ჩასული ოჯახებიც სტუმრობენ, რათა საშობაო არდადეგები გუნდაობასა და თხილამურებზე სრიალში გაატარონ. გუდაურსა და ბაკურიანში წელს განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, რამაც კიდევ ერთხელ გამოავლინა ჩვენი კურორტების მთავარი პრობლემა - გზებისა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ტურისტების სიმრავლემ ყველაზე დიდი პრობლემები ბაკურიანს შეუქმნა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რამდენად საჩქარო და საშური საქმეა ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტის სწრაფი განხორციელება. „ბიზნესპოსტი“ დაინტერესდა, რამდენად შემოსავლიანია შობა-ახალი წლის დღეები მთის კურორტებისთვის და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს დაუკავშირდა:

ლიანა ხუციშვილი - „ვილა დრაკონის“ მფლობელი:

„ტურისტების რიცხვი ძალიან გაიზარდა, მაგრამ ეს ჩვენ არ შეგვხებია“

-ჩვენს დაბაში წელს ურთულესი სიტუაცია შეიქმნა: ამდენი ტურისტი ჯერ ბაკურიანს არ ჰყოლია, მაგრამ მათი სიმრავლე სულაც არ გვიხარია - ქუჩაში საერთოდ ვერ გაივლი, ისეთი ამბავია, რომ მანქანების ნაკადი არ წყდება. დიდველზე რომ ახვიდე, 1,5-2 საათი გინდა, იმდენად არის გზა ჩახერგილი.  თუ ეს სიტუაცია არ შეიცვალა, მომდევნო წლებში აქ ხალხი საერთოდ აღარ ჩამოვა. მე სპორტსმენი შვილი მყავს და კარგად ვიცი: უცხოეთში არსებულ მთის კურორტებზე ასეთ სიტუაციას ვერსად შეხვდებით. იქ ტრანსპორტი საერთოდ არ შედის, რომ გამონაბოლქვი არ იყოს. ასე ხდება ავსტრიისა და შვეიცარიის ცნობილ კურორტებზე. ჩვენთან კი, გამონაბოლქვი კი არა, ამდენი მანქანა საცობში რომ ერთი საათით რომ გაიჭედება და ახრჩოლებს, ხომ წარმოგიდგენიათ ჰაერს რა მოსდის? დამსვენებლებიც წუხან, რადგან ვერ გადაადგილდებიან. შეიძლება ისეთ საცობში მოჰყვე, რომ დიდველამდე ვერც ახვიდე და თხილამურებით ვერ ისრიალო. არადა, ბაკურიანიდან დიდველამდე მხოლოდ 2 კილომეტრია. ფაქტია, რომ ჩვენს კურორტს  ახლანდელი გზები და ინფრასტრუქტურა აღარ ყოფნის, რადგან ამ გზის გამტარუნარიანობა დაბალია. ბოლო წელბში  ბაკურიანი ძალიან გაიზარდა. აქ ძალიან ბევრი ახალი კორპუსი და აპარტამენტი აშენდა და შენდება, ზოგიერთ კორპუსში 100 ბინაა, ზოგში - 200, ზოგში კი - 300 და უფრო მეტიც. ამის გამო ჩვენი პატარა  დასახლება ძალიან გადაიტვირთა. დამსვენებელების რიცხვიც ამ კორპუსების ხარჯზეა გაზრდილი. როგორ იმოქმედა ამან ჩვენს ბიზნესზე? - ძალიან ცუდად. ადრე ტურისტების დიდი ნაწილი სიიაფის გამო საოჯახო სასტუმროებში ბინავდებოდა. ახლა კი, უამრავი ბინა ქირავდება და ბევრი ოჯახი ერთი ოთახის დაქირავებას ამჯობინებს. ამის გამო მოსახლეობამდე დამსვენებელი აღარ მიდის და საოჯახო სასტუმროებს შემოსავალი ძალიან მოაკლდა.  ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის საცობები და უგზოობაა. ვიღაცამ თუ არ იზრუნა ბაკურიანის ინფრასტრუქტურაზე, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. 2 საათი რომ დაგჭირდება დიდველამდე ასასვლელად და კიდევ ორი - დიდველიდან დასახლებამდე მისაღწევად, ვიღას გაუჩნდება აქ ჩამოსვლის სურვილი? ეს უკვე მერამდენე ზამთარია მეორდება, მაგრამ წელს მაინც საშინელება ხდება. შეიძლება ამ ხალხმრავლობით ვიღაც  მოგებული რჩება: მაღაზიების ქსელი გაფართოვდა, უფრო მეტი პროდუქტი იყიდება და ბიუჯეტშიც უფრო მეტი თანხა შედის, მაგრამ გააჩნია, ვისთვის მომგებიანია ეს ხალხმრავლობა და ვისთვის - არა. ტურისტების რიცხვის ზრდა ჩემს ბიზნესს ნამდვილად არ შეხებია.

მაია მურაჩაშვილი - სასტუმრო „ჰილსის“ მენეჯერი:

„არ შეიძლება ქუჩაში გადიოდე და დანიშნულების ადგილას 2 საათის განმავლობაში ვერ  მიდიოდე“

-შობა-ახალი წლის დღეებია და ბაკურიანში მართლაც არის საცობები, რადგან ძალიან ბევრი ტურისტია ჩამოსული. კი გააკეთეს ცალმხრივი მოძრაობა, მაგრამ გზები განიერი არ არის და ტროტუარიც არსადაა. ამის გამო ხალხიც და მანქანებიც გზაზე დადის. არ ვიცი ეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, თუ სხვისი მოსაგვარებელია, მაგრამ არ შეიძლება ქუჩაში გადიოდე და დანიშნულების ადგილას 2 საათის განმავლობაში ვერ  მიდიოდე. წელს ბაკურიანს ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავს, ამხელა ნაკადი ჯერ არ ყოფილა, თითქმის ყველა სასტუმრო 100%-ით არის დატვირთული. ნომრების უმეტესობა ახალი წლის ღამეს წინასწარ იყო დაჯავშნილი. უცხოელებთან ერთად ბაკურიანს ძალიან ბევრი ადგილობრივი, ქართველი დამსვენებელიც ჰყავს. 30 დეკემბრის შემდეგ იმდენი სტუმარი გვყავდა, რომ მე მაგალითად, სასტუმროში ერთი თავისუფალი ადგილიც აღარ დამრჩა. ძალიან ბევრი დამსვენებელი შემოგვემატა 1-2 იანვარს. ჩვენს საქმეში ტურისტების სიმრავლე კარგია, მაგრამ მაინც საშინელი დისკომფორტი გვაქვს, რადგან დაბაში გადაადგილების საშუალება აღარ არის.

 რაც შეეხება ერთოთახიანი ბინების გაქირავებას, ეს მოზრდილი სასტუმროებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.  ეს სულ სხვა სეგმენტია, რომელმაც  საოჯახო სასტუმროებს გაუწია კონკურენცია, ჩვენ - უფრო ნაკლებად, რადგან ჩვენთან სულ სხვა კომფორტია: 24-საათიანი მომსახურება, ოთახების დასუფთავება, თეთრეულის გამოცვლა, კვება. იმ ერთოთახიან ნომერს ვინც ქირაობს, დასუფთავება და სადილის გაკეთება ხომ სჭირდება? ჩვენთან ეს არ არის საჭირო და ადამიანი მართლა ისვენებს. ამიტომ,  შედარებით მაღალბიუჯეტიანი და კომფორტის მოყვარული ხალხი ყოველთვის ჩვენთან მოდის. რა თქმა უნდა, ამ სეზონზე ტურისტულ ბიზნესში დიდი კონკურენციაა, ეს აპარტამენტები კლიენტებს გვართმევენ, მაგრამ ჩვენ მაინც გვყავს ერთგული კლიენტურა, რომელიც არ გვღალატობს. ტურისტების უმეტესობას  ურჩევნია იცხოვროს სასტუმროში, სადაც სრული კომფორტია, სადაც არის დაცვა, ოთახს ულაგებენ და სადილიც ყოველდღე ხვდება.  მიუხედავად ამისა, ხალხმრავლობა და გადატვირთული გზებიც ჩვენც ძალიან გვიშლის ხელს. კიდევ კარგი, ჩვენი სასტუმრო დიდველთან ახლოსაა, ამიტომ, ჩვენი ტურისტები იქ უპრობლემოდ მიდიან და სრიალებენ, მაგრამ ბაკურიანის ცენტრისკენ გადაადგილება ყველას ძალიან გვიჭირს.

მაია ნიკოლაიშვილი - სასტუმრო „მონტეს“ მენეჯერი:

„წელს გუდაურში სიმშვიდე და ნორმალური სიტუაციაა“

-საბედნიეროდ, გუდაურში სიმშვიდე და ნორმალური სიტუაციაა.  საუდის არაბეთით დაწყებული, ინდოეთამდე, ტურისტები ყველა ქვეყნიდან გვყავს. ერთი უსიამოვნო ამბავი მაინც მოხდა: ახალ წლამდე დარიალის გზა იყო ჩახერგილი და რუსეთიდან მომავალი ტურისტების ნახევარი უკან მიბრუნდა. ეს ჩვენს სასტუმროს არ შეხებია - ჩვენთან ყველა წინასწარ დაჯავშნილი ნომერი შეივსო და ყველა სტუმარი ჩამოვიდა, მაგრამ ზოგიერთი სასტუმრო ამის გამო სერიოზიულად დაზარალდა. სხვათა შორის, წელს ევროპელები უფრო მეტნი არიან, ვიდრე რუსები, აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან და დუბაიდანაც საკმაო რაოდენობით ხალხი გვესტუმრა. ასე რომ, ჩვენი სასტუმრო დაკავებულია, ახალი წლის დღეებში სტუმრების ნაკადმა კიდევ უფრო მოიმატა და ძალიან დატვირთულად ვმუშაობთ, მაგრამ გუდაურში შარშან უფრო მეტი ხალხი იყო, ვიდრე წელს.

-ქალბატონო მაია, რა არის თქვენს ბიზნესში უმთავრესი პრობლემა?

- ჩემი აზრით,  სასტუმროს მუშაკების დონე და კვალიფიკაცია. ადგილობრივი კადრები რომ არ გვყავს, თანამშრომლები საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩამოგვყავს. ახლაც ისეთი კონტიგენტი გვყავს, რომელიც თბილისიდან, ქუთაისიდან, გორიდან და სხვა ქალაქებიდან არის ჩამოსული. ვფიქრობ, რომ მოუწესრიგებელ გზებთან და ინფრასტრუქტურასთან ერთად, ეს ჩვენი ბიზნესის მთავარი პრობლემაა.

თარიღი: 2019/01/04