"ზალა" – ინოვაციური რესტორანი ქართულ გასტრონომიულ ინდუსტრიაში 
რესტორანი "ზალა" სულ რაღაც ორი წელია, რაც თბილისში არსებობს, თუმცა ამ მცირე ხნის განმავლობაში საკმაო პოპულარობა მოიპოვა და თავისი ადგილის დამკვიდრებაც შეძლო. ის თავისი კონცეფციით ინოვაციური პროექტია ქართულ გასტრონომიულ ინდუსტრიაში. გათანამედროვებული ეროვნული სამზარეულო, ოჯახური გარემო და მფლობელის უშუალო მასპინძლობა თითოეულ სტუმართან –  სწორედ ეს ფაქტორები გამოარჩევს "ზალას" ყველასგან. 

საიდან გაჩნდა ამ ტიპის რესტორნის დაარსების იდეა, როგორ შეძლო ასეთ მცირე ხანში წარმატების მოპოვება და რატომ მაინც და მაინც "ზალა"  "ბიზნესპოსტი" ამ ყველაფერზე მის დამფუძნებელს ლევან გუგუშვილს ვესაუბრეთ: 

"ჩემი ადრინდელი საქმიანობა იყო სარესტორნო ბიზნესისგან რადიკალურად განსხვავებული. ჯერ საბანკო სექტორში ვმუშაობდი, შემდეგ მენეჯერი და HR ვიყავი. თუმცა, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად მიწევდა მივლინებები და სულ ვცდილობდი ისეთი რესტორანი შემერჩია, სადაც ოჯახური გარემო იქნებოდა. ევროპაში უფრო მიღებულია ასეთი ტიპის რესტორნები და ჩვენთან ახლა იკიდებს ფეხს, რომ რესტორნის მფლობელები გამოდიან და კომუნიკაცია აქვთ და უმასპინძლდებიან სტუმრებს. როგორც ჩვენ სახლში ვაკეთებთ. ვფიქრობდი, რომ თუ ოდესმე რესტორანს გავაკეთებდი, აუცილებლად ამ კონცეფციის იქნებოდა. რაც არ უნდა დიდი ინვესტიციის საშუალება მქონდა, დიდ რესტორანს მაინც არ გავხსნიდი. პროექტის განხორციელებაში ხელი შემიწყო ჩემმა გამოცდილებამ ზოგად მენეჯმენტში და იმან, რომ ათი წლის წინ იყიდა მამამ ფართი ყოფილი ბელინკის ქუჩაზე, ამჟამინდელი ჭოველიძის 24 ნომერში. თავიდან გაკვირვებულები ვიყავით, რადგან ეს ქუჩა პოპულარული არ იყო და შემდეგ როდესაც უკვე "აჭარა ჯგუფის" დამსახურებით პოპულარული გახდა, გადავწყვიტე, განმეხორციელებინა ჩემი იდეა. წამოვედი სამსახურიდან და დავიწყე კულინარიულ აკადემიაში სწავლა, რადგან კარგად მცოდნოდა ეს სფერო და წვრილმან დეტალებშიც გარკვეული ვყოფილიყავი, შემდეგ უკვე თავადაც ვიყავი ჩართული მენიუს შედგენაში. რესტორატორებთან – ლუკა ნაჭყებიასთან და ერეკლე ღონღაძესთან ერთად ვმუშაობდი უნიკალური გემოების მისაგნებად. სამზარეულო რომ ქართული იქნებოდა, თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ არა ტრადიციული, ამიტომ ცოტა გავათანამედროვე და არჩევანი გავაკეთე ქართულ ფუჟენზე. მენიუ აუცილებლად მწირი უნდა ყოფილიყო, თუმცა მასში უნდა გამეთვალისწინებინა ყველანაირი გემოვნების ადამიანი. მისი კულტურის, ტრადიციისა თუ შეხედულებების გათვალისწინებით. საბოლოოდ ასეც გამოვიდა. 

სამზარეულოს შემდეგ, მუშაობა დავიწყე უკვე დიზაინზე, რაშიც დამეხმარა წარმატებული დიზაინერი მაიკო სუმბაძე. რესტორნის დიზაინში არის ძველისა და ახლის შერწყმა. არც მხოლოდ ძველი სტილი მინდოდა და არც ძალიან "დავარცხნილი", ამიტომ გავაკეთეთ ნაზავი. ძველი ავეჯი შევიძინე და მისი რესტავრაცია გავაკეთე.  მიხარია, რომ სტუმრებსაც ძალიან მოსწონთ. შპალერის ქაღალდზე გამოყენებულია ჩვენი შენობის ნახაზები და ავეჯი.

                       

                     

რესტორნის სახელი საიდან წამოვიდა? 

–სახელის იდეაც მაიკო სუმბაძეს ეკუთვნოდა და შემდეგ მეც გავიზიარე ეს იდეა, რადგან ეს სიტყვა ყველაზე მეტად ასახავს ოჯახურ გარემოს. მართლაც, ყველას სახლშია "ზალა", რომელიც მხოლოდ განსაკუთრებული სტუმრებისთვის იხსნება. ბავშვობაში მახსოვს, მე და ჩემს დას გვინდოდა ხოლმე შესვლა, თუმცა ბებიისთვის ის მნიშვნელოვან სტუმრებთან ასოცირდებოდა და კეტავდა, შესაბამისად ჩვენთვის ხელმიუწვდომელი იყო. მე დავარქვი რესტორანს "ზალა", თუმცა არ დავკეტე, პირიქით კარი გავაღე და ოჯახურ გარემოს და ნამდვილ სტუმარ–მასპინძლობას ვთავაზობ ჩვენთან მოსულებს. 

როდესაც რესტორანს ხსნიდით, თუ გქონდათ გადაწყვეტილი რა სეგმენტისთვის იქნებოდა გათვლილი? 

–ჩემთვისაც თავიდანვე ნათელი იყო, რა სეგმენტზე უნდა ყოფილიყო – ესაა საშუალოზე მაღალი, ქართველი საქმიანი ხალხი ან ოჯახი, ან ქართველი სტუმრები ოცხოელ სტუმრებთან ერთად, სადაც გაიმართებოდა საქმიანი შეხვედრები და ბიზნესვახშმები. ზოგადად, ეს კულტურა ჩვენთან ნაკლებად იყო, რომ რესტორანში სავახშმოდ წავსულიყავით ოჯახი - მე, ჩემი და და ჩემი მშობლები. ახლა რასაც ვუყურებ "ზალაში" ზუსტად ეს ხდება და ეს იყო ჩემი მიზანიც. ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ინოვაციური პროექტი გამომივიდა. თბილისში  ბევრი რესტორანია, რომელსაც მსგავსი ტიპის სამზარეულო აქვს და რომლის მფლობელებიც არიან მზარეულები და უშუალოდ არიან ჩართულები ბიზნესში, მაგრამ ის მომენტი, რომ მფლობელი გარეთ გამოდის და თითოეულ მაგიდასთან აქვს კომუნიკაცია და მიმტანისა და მზარეულის საქმით არის დაკავებული, არის სიახლე და ამ მიმართულებით ნამდვილად პირველები ვართ. 

                         

როგორ ფიქრობთ, ამ ორი წლის განმავლობაში, რა არის თქვენი მთავარი მიღწევა? 

–ერთ–ერთი უპირველესი მიღწევა არის ის, რომ სტაბილურობას ვინარჩუნებთ და უფრო და უფრო ვვითარდებით და ვიზრდებით. ზოგადად, წარმატების შესანარჩუნებლად არის სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი აუცილებელი: პირადი კონტაქტები, სოციალური ქსელები და მედიასთან მუდმივი თანამშრომლობა. ჩვენი თავდაპირველი წარმატება მთლიანად იყო დამყარებული პირველზე. მირიან ჯეჯელავა მეხმარებოდა PR-ის კუთხით, თუმცა თავიდან არავითარი რეკლამა არ ყოფილა. უბრალოდ ჩვენს პირად "ფეისბუქ" გვერდებზე დავდეთ ინფორმაცია და უმარავი ხალხი მოვიდა. ზანდუკელის კვეთამდე იყო რიგი და ასე გაგრძელდა საკმაოდ დიდხანს. რეზერვაციის გარეშე რესტორანში შემოსვლა ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მიღწეული სტაბილურობა და წარმატება შევინარჩუნოთ. 

                       

რა სიახლეებს გეგმავთ? 

–ძალაინ ჩართული ვარ ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობაში და მერიის ტურიზმის დეპარტამენთან. მსურს, რომ უფრო მეტი ტურისტი მოვიდეს ჩვენს რესტორანში. ქვედა სართულზე მარანს ვხსნით, სადაც მოხდება ღვინის დეგუსტაციები. შევიძინეთ გვერდით ფართი და გაზაფხულზე ტერასაც გვექნება. ჩვენ გვყავს ლოიალური კლიენტები, მაგრამ სტაბილურობის შესანარჩუნებლად მუდმივი სიახლეებია საჭირო.  შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობთ რაიმე  სიახლე და განსხვავებული შევთავაზოთ ჩვენს სტუმრებს, უფრო დავხვეწოთ სერვისი და უფრო მყუდრო გარემო დავახვედროთ მათ. იანვრიდან უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე. ჩვენი რესტორანი არის ერთ–ერთი პირველი, რომელიც  გაიხსნება მხოლოდ 6 საათიდან და მისი ძირითადი მიმართულება იქნება საღამოს სავახშმოდ განკუთვნილი სივრცე. 

                             

                             

 

თარიღი: 2019/01/14