,,ბუერა“ - ხელნაკეთი აქსესუარები, რომელიც ბრძოლის და დაბრკოლების გადალახვის სიმბოლოა
,,ფსიქოოგიას ვსწავლობდი, მაგისტრატურის პირველ კურსზე ვიყავი, დაახლოებით ამ დროს დავიწყე ახალ მასალასთან მეგობრობა. პოლიმერული თიხის შესაძლებლობები ძალიან მომხიბვლელი იყო ჩემთვის. პატარაობიდან ვხატავ და ვიზუალური ხელოვნება ყოველთვის წამყვანი იყო ჩემს ცხოვრებაში. ასე ვურთიერთობ სამყაროსთან. პოლიმერული თიხისგან აქსესუარების კეთება იმით იყო საინტერესო, რომ ყოველდღიურობაში შემეძლო გადმომეტანა შედეგი და მთელი პროცესი ყოფილიყო ცოცხალი. "აქსესუარები" მშრალი სიტყვაა. მე მომწონს, როდესაც ვაკეთებ ნივთს, რომელიც ყვება ამბავს და არა ნივთს, რომელსაც უბრალოდ ტანსაცმელს შეუხამებ“ - ამბობს თეონა ბაკურაძე, რომელმაც ,,ბუერას“ შექმნაში დიდი ენერგია და სიყვარეული ჩადო.

,,ბიზნესპოსტი“ აქსესუარების ბრენდ ,,ბუერას“ შექმნის ისტორიაზე სწორედ თეონას ესაუბრა:

- როდის გაგიჩნდათ აქსესუარების შექმნის სურვილი და როგორი იყო პირველი საფუხერები ბიზნესის კეთებაში, რომელიც ,,ბუერამ" გაიარა?

- ფეხმძიმობის დროს, სახლში მიწევდა ყოფნა და ექსპერიმენტების წყებამ კარგ შედეგებამდე მიმიყვანა. ფეისბუქ გვერდიც მალევე გავაკეთე - გაზიარების სურვილით უფრო, ვიდრე ბიზნეს ინტერესით. ისე იაფად ვყიდიდი, ახლა რომ მახსენდება, მეცინება. თუმცა, ეს სწორი იყო - მე ვსწავლობდი და თან გამოვიმუშავებდი თანხას, ძირითადად მასალებისთვის. მაშინდელი კლიენტები ახლა ჩემი მეგობრები არიან და ყველა მათგანს ვემადლიერები, მათი წყალობით ,,ბუერა“ ჩემი საყვარელი საქმიანობა გახდა. მახსოვს, მშობიარობა რომ დამეწყო, შეკვეთა მქონდა მისატანი. ასეთი საპატიო მიზეზით შეკვეთა აღარ გადამიდია.


მალევე შემოვიერთე ჩემი ბავშვობის მეგობარი, ვისთან ერთადაც ვხატავდი და გამშრალ ფლომასტერებს სპირტით ვაცოცხლებდი, 90-იანების ლამფის შუქზე. მაია თავართქილაძე ,,ბუერას“ პრესტიჟის ნამუშევრების ავტორია. როდესაც ძალიან მინდა თავი მოვიწონო, ზოგჯერ მის ნამუშევრებს ჩემად ვასაღებ. ეს ხუმრობით. თუმცა, კარგი იდეაა, თუ დამჭირდება, ასეც მოვიქცევი.
,,ბუერას“ სახელი ავარჩიე სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან. მარტივი მიზეზით - მინდოდა ისეთი სიტყვა დაგვეხურა, რაც მხოლოდ ჩვენ გვექნებოდა.

- კონკეტულად რა სახის აქსესუარებს გვთავაზობთ? და შესაძლებელია, თუ არა ამ ნაკეთობების შეკვეთით დამზადება?

- ბუერას აქსესუარების ჩამონათვალში იპოვით: ყელსაბამებს, სამაჯურებს, ბეჭდებს, საყურეებს, გულსაბნევებს. ასევე, სახლის დეკორის ნივთებს. ჩემი ბოლოდროინდელი გატაცებაა ჰერბარიუმი პოსტერების და სურათების კეთება. სივრცეს ამაზე კარგად არაფერი ერწყმის. ჩვენი სამყოფელი, იქნება სახლი, თუ სასტუმრო, რესტორანი ან კაფე, ყველაზე ადვილად და სადად უმეგობრდება უნების საჩუქრებისგან შექმნილ ვიზუალს. სადაც კი დავდივარ, ვაგროვებ ყვავილებს ,ფოთლებს, ტოტებს და ვპრესავ, ვაშრობ და საგულდაგულოდ ვინახავ. ზამთრის ცივ დღეებში, ციყვივით ვიკეტები სახელოსნოში და ამ სილამაზეებით კომპოზიციებს ვაწყობ. თან თერაპიაა, თან საქმე. ახლახანს დავიწყე დიდ პროექტებზე ფიქრი, ერთი ძალიან კარგი სასტუმროს გემოვნებიანი მფლობელი დაინტერესდა ჩემი ჰერბარიუმებით და თავისი სასტუმროს გასაფორმებლად შემიკვეთა სურათები. მივხვდი,რომ ეს საქმე სწორედ ისაა, რაც მე მომწონს და საუკეთესოდ გამომდის.

ცალკე აღნიშვნის ღირსია თოჯინები, რომლსაც მაია აკეთებს. თოჯინები მისი ვნებაა და ალბათ გამოფენასაც მოვაწყობთ ამ თემაზე, თუ შევძელით და თავი მოვუყარეთ საკმარისი რაოდენობის ნამუშევრებს. საქმე ისაა,რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მალევე იყიდება. თანაც ჩვენ საკმაოდ ბევრს ვშრომობთ, ასე ვართ მოწყობილები.

- როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი კონცეფცია, რით განსხვავდება ,,ბუერას" აქსესუარები სხვებისგან?

-შევეხეთ უამრავ თემას, უამრავი ცდა ჩავატარეთ და თამაში. ძიება რომ არ გვიყვარდეს, ამოვირჩევდით რომელიმეს და დავაფუძნებდით მასზე ბრენდს. გვექნებოდა ძირითადი მენიუ და საქმეც გაგვიიოლდებოდა. მაგრამ აქამდე ამას ვერ ვახერხებდით, რადგან ჩვენ თვითონ ვართ მეტისმეტად ინტერესიანი ადამიანები და ერთ ადგილას გაჩერება არ შეგვიძლოა. სწორედ ახლა, მეშვიდე წელს, შეიძლება ავირჩიოთ ჩვენს მიერ შექმნილი დიზაინიდან რამდენიმე და მათზე ვიმუშაოთ, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული რომ კიდევ რაღაც ახალი არ გაგვიტაცებს.

- რამდენად ხელმისაწვდომია მომხმარებლისათვის თქვენი შემოთავაზებული აქსესუარები?

-ჩვენ გვიყვარს ჩვენი მომხმარებელი, რადგან მათ მოსწონთ ჩვენი ძიებისა და თამაშის შედეგი. ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, რის გამოც ამ საქმეს ვაკეთებ. მთელი 7 წლის მანძილზე უამრავ კარგ ადამიანს შევხვდი, ისინი ნივთებს იდეის გამო ყიდულობენ და არა სიძვირფასის. საქართველოში ძალიან კარგი ადამიანები ცხოვრობენ, შეგიძლიათ ბუერას მომწონებლებს გადახედოთ. კიდევ გავიზრდებით და სხვებსაც შემოვიერთებთ, ჩვენ ბევრს არ ვხმაურობთ, რადგან პატარა სახელოსნო გვაქვს და იმას ვაკეთებთ, რასაც ჩვენ ვყოფნით. არ ვიცი,ასე რამდენ ხანს გავაგრძელებთ, მთავარი აქ მასშტაბი არ ყოფილა. შეიძლება მოგვინდეს უფრო გაძლიერება და შემოვიერთოთ სხვა ჰენდმეიდერებიც, ვნახოთ.

- სად არის პროდუქციის შეძენა შესაძლებელი?

-ბუერას ნივთები ყოველთვის იყო ხელმისაწვდომი და ასეც იქნება. თუმცა, ხელმისაწვდომი და არა ხელწამოსაკრავი. სიიაფეს არ მოაქვს არაფერი კარგი არცერთი მხარისთვის. გვეწვიეთ სახელოსნოში და თავად დარწმუნდებით. ძირითადი ნაწილი ჩვენი ნივთების სახელოსნოშია განთავსებული. ონლაინ შეძენის მოყვარულებისთვის სუპერ ხალხი ვართ. კურიერის მეშვეობით ადგილზე მიგვაქვს ნივთები. ასევე, ვმეგობრობთ რამდენიმე მაღაზიასთან, თუმცა, ჩვენზე ყველაზე სრულად წარმოდგენას ჩვენი ფეისბუქ გვერდი შეგიქმნით - WWW.BUERA.GE

თარიღი: 2019/01/16