ჯადოსნური წრე „თიბისის“ გარშემო : ბანკის  მენეჯმენტმა ერთადერთი,  სწორი  გადაწყვეტილება მიიღო
„თიბისი ბანკის“ ირგვლივ დატრიალებულმა მოვლენებმა საქართველოში მიმდინარე თითქმის ყველა მოვლენა დაჩრდილა. ბანკი, რომელსაც 2 მილიონზე მეტი  მომხმარებელი ჰყავს და ერთ-ერთ წამყვან საფინანსო ორგანიზაციად არის მიჩნეული არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ჩვენს რეგიონში, სერიოზულ უასიამოვნებაში გაეხვა:  მის ხელმძღვანელებს ეროვნულმა ბანკმა სამეთვალყურეო საბჭოს დატოვება მოსთხოვა. სებ-ის მიერ TBC ბანკის მენეჯმენტის გადაყენების მოთხოვნას წინ უძღოდა 9 იანვარს ბანკში პროკურატურის შესვლა, რომელიც 2007-2008 წლის ტრანზაქციებს იძიებდა. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე სებ-მა „თიბისი ბანკი“  2008 წელს დააჯარიმა, რაც ბანკს სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული.  საქართველოს ეროვნული ბანკისა და TBC ბანკის მიერ ერთობლივად გაკეთებულ განცხადებაში ეწერა, რომ „თიბისი ბანკი“  წყვეტდა დავას და დაკისრებულ ჯარიმას, 1 მილიონი ლარის ოდენობით, გადაიხდიდა. ახლა კი, 11 წლის წინანდელი ტრანზაქციების გამო, ფულის გათეთრების მუხლით საქმეა აღძრული. ბანკის დამფუძნებლებმა თავიდან ეროვნული ბანკის პოზიცია გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ბრძოლას სასამართლოს გზით გააგრძელებდნენ, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს: მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს, თუმცა TBC Bank Group PLC-ის საბჭოში კვლავაც რჩებიან. დამფუძნებლების თქმით, ისინი გააგრძელებენ სასამართლოს გზით დავას და ეცდებიან საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ.

 „თიბისი ბანკის“ ირგვლივ შექმნილი სიტუაციის შეფასება ექსპერტ გია ხუხაშვილვთხოვეთ:

-მე ამ საქმეს „თიბისი ბანკის“ საქმეს არ დავარქმევდი. უმჯობესია, ბანკი და მისი დამფუძნებლები ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, რადგან საბანკო სისტემა ამ ტიპის მოვლენების მიმართ ძალიან მგრძნობიარე და მოწყვლადია. ჯობია ვთქვათ, რომ „თიბისი ბანკს“, როგორც ქართული ფინანსური სისტემის ერთ-ერთ საბაზისო ელემენტს, პრობლემები არა აქვს - ეს პრობლემები უკვე მოხსნილია. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მის გარშემო კითხვის ნიშანი უამრავია, ამ პიროვნების წინააღმდეგ აშკარად იკვეთება ორკესტრირებული ქმედებები და ხელისუფლებას სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ორგანიზებული შეტევა არ იყო. წარმოუდგენელია,  რომ 11 წლის განმავლობაში რაღაც თაროზე იყო შემოდებული და დღეს ყველამ შეიტყო, ყველას ერთბაშად აეხილა თვალი. მე მგონი,  საქართველოში არ არსებობს კომპანია, რომლის წინააღმდგე საქმე არ აღეძრათ და მერე არ დაეკონსერვებინათ. ამ შემთხვევაშიც, როგორც ჩანს, რაღაც ინტერესი ჰქონდათ, 11 წლის წინანდელი საქმე რომ ამოქექეს და გამოძიება დაიწყეს. ამით სხვებსაც უთხრეს - გვერდზე გახედვა არ გაბედოთ, ენა ჩაიგდეთ და ჩუმად  იყავითო...  შეკითხვა ბევრია და მათზე პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მიმდინარე მოვლენებში ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ  არასასიამოვნო როლი შეასრულა.

 „ამ სიტუაციაში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გადადგომა სწორი და გონივრული ნაბიჯი იყო“ - ამბობს გია ხუხაშვილი:

გია ხუხაშვილი - ბანკი საკმაოდ რთული ორგანიზმია, მასზე რეპუტაციული რისკები განსაკუთრებით მწვავედ აისახება და სიმართლის ძიებაში „თიბისი ბანკს“ გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა. ამიტომ, ეს იყო სწორი და გონივრული გადაწყვეტიოლება. მე ვეთანხმები შეფასებას, რომ ეს საქმე ძალიან ჰგავს „კავკასიური ცარცის წრის“ საქმეს: როდესაც ხედავს, რომ სხვა ხელს არ უშვებს, შვილისთვის ხელის გაშვება სწორედ მშობელს უწევს. „თიბისი“-ს დამფუძნებლებმა ბანკი სერიოზულ რყევებს აარიდეს და სწორადაც მოიქცნენ, რადგან „თიბის ბანკის“ სტაბილურობაზე მთელი ქვეყნის ფინანსური სისტემაა დამოკიდებული. ალბათ ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, რომ ამ დაპირისპირებით მარტო „თიბისი ბანკი“ კი არა, მთელი ქვეყანა დაზარალდა. ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ  ნომენკლატურული კაპიტალისტური ურთიერთობების ფაზაში დავბრუნდით. ამ ხელისუფლებამ ყველა ის მანკიერება აღადგინა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმისთვის იყო დამახასიათებელი. ამ პროცესის გამო ანაკლიის პროექტსაც სერიოზული ზიანი მიადგა, რადგან მის დაფინასებას ყველა თავს აარიდებს.  ვნახოთ, ჯერ პროცესები არ დასრულებულა, მაგრამ  „თიბისი ბანკის“ გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი ჩვენს ეკონომიკას აშკარად უარყოფით შედეგს მოუტანს.

 „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი, იურისტი ლევან ალაფიშვილიც  მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ნაბიჯმა ბანკიც და ქვეყანაც სერიოზული უსიამოვნებებისგან იხსნა:

-სამწუხაროდ, „თიბისი ბანკის“ ირგვლივ გასული წლის შემოდგომაზე დაწყებული პროცესი საფინანსო სექტორის ფარგლებს გასცდა და პოლიტიკური ელფერი მიიღო. თავდაპირველად ეროვნული ბანკი უფრო მოზომილი იყო და მისი შეფასებებიც საფინანსო სექტორისკენ იყო გადახრილი. ახლა კი, ეტყობა ყველა სიტუაციის მძევალი აღმოჩნდა. კარგია, რომ რესურსი მოიძებნა და კონფლიქტი დასრულდა. ჩემი აზრით, მთავრობამ მადლობა უნდა გადაუხადოს სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელებს იმის გამო, რომ ეს პროცესი სამართლებრივ ჭრილში აღარ გააგრძელეს.  „თიბისი ბანკი“  სასამართლოს თუ მოიგებდა, ამით არა მარტო  ეროვნული ბანკის იმიჯი დაზარალდებოდა, არამედ  ხელისუფლებაც. მთავრობა, ეროვნული ბანკი და ყველა რისკის ქვეშ იყო, ამიტომ,  მისასალმებელია, რომ  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მოადგილემ მათთვის საზიანო, მაგრამ ქვეყნისთვის დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. რაც შეეხება მათ წინააღმდეგ აღძრულ საქმეს, ამ მხრივ არანაირ პროგრესს არ ველოდები: სხვა საქმეების მსგავსად, „თიბისის“ საქმეც განუსაზღვრელი ვადით გადაიდება და თაროზე შემოდებული საქმეების რიგს შეუერთდება, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მთავრობამ მხოლოდ მისთვის ხელსაყრელი  ინფორმაცია გახადოს საჯარო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ბანკის დამფუძნებლების გადაწყვეტილებამ ქვეყანა  სერიოზული უარყოფითი მოვლენებისგან იხსნა.  

  „ბიზნესპოსტი“„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტს - ალექსანდრე ძნელაძეს დაუკავშირდა. ბატონი ალექსანდრეს თქმით, მთავარია, რომ ყველაფერი მშვიდად დასრულდა:

 ალექსანდრე ძნელაძე - შევეცდები აგიხსნათ, რა სიტუაციია დღესდღეობით „თიბისი ბანკის“ გარშემო: ეს ბანკი ისევ რჩება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფინანსურ ინსტიტუტად საქართველოში. მენეჯმენტმა გადაწყვეტილება მიიღო ყველანაირი დავა შეწყვიტოს, რითაც სიტუაცია განმუხტა. ბანკის ორმა დამფუძნებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამეთვალყურეო საბჭოდან გასულიყო, სხვებივით,  მეც ვაღიარებ, რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო შექმნილ სიტუაციაში. დღეს ბევრს კამათობენ, რა არის ეს - „თიბისი ბანკის“ დამარცხება თუ გამარჯვება. ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. რაც ყველაზე მთავარია - ყველაფერი სამართლებრივ კალაპოტში გადავიდა და ბანკიც ჩვეულ  რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას.

თარიღი: 2019/02/26