ჯოგური ქცევა ფინანსურ ბაზრებზე: რას ვაკეთებთ არასწორად?

ჯოგური ქცევის ფენომენი

ჯოგური ქცევის ფენომენი ხსნის ინდივიდების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მასების ქცევითაა განპირობებული. ადამიანები გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად აკეთებენ იმას, რასაც სხვები. თავისთავად მსგავსი გადაწყვეტილებები სცდება რაციონალურობის საზღვრებს, რადგან ნაკარნახევია ემოციებით და არა გონებით.

იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ ამ ტერმინის არსი განვიხილოთ ორი რესტორნის მაგალითი. „ბონი“ და „კლაიდი“ ერთმანეთის გვერდიგვერდ ერთ ქუჩაზე მდებარეობს. ორივე რესტორანი მიმზიდველად გამოიყურება და მომხმარებლებს ერთსა და იმავე სამზარეულოს სთავაზობს, თუმცა „ბონი“  მომხმარებლებითაა სავსე, ხოლო „კლაიდი“ – ცარიელია. როდესაც ამ ორ რესტორანს შორის აკეთებთ არჩევანს, ალბათ ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება თუ შეხვალთ იქ, სადაც უფრო მეტი ადამიანია თავმოყრილი, რადგან ჩათვლით, რომ ეს ფაქტი რესტორნის უპირატესობაზე მეტყველებს. ყველა მომდევნო მომხმარებელი, რომელიც ამ ქუჩაზე მოხვდება არჩევანს ასევე „ბონის“ სასარგებლოდ გააკეთებს, სწორედ იგივე არგუმენტზე დაყრდნობით, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ „ბონი“ „კლაიდზე“ უკეთესია. ალბათ იმედი გაგიცრუვდებათ თუ აღმოჩნდება, რომ პირველ რესტორანში ხალხმრავლობის მიზეზი უბრალო შემთხვევითობაა. როდესაც საღამოს ამ ქუჩაზე პირველი მომხმარებელი გამოჩნდა, ამ ორ რესტორანს შორის არჩევანი შემთხვევითობის პრინციპზე დაყრდნობით „ბონის“ სასარგებლოდ გააკეთა და ყველა მომდევნო მომხმარებელიც მისი მიბაძვით სწორედ ამ რესტორანში შევიდა. ეს არის მარტივი მაგალითი, რომელიც თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს კოლექტიური გადაწყვეტილებები ინდივიდუალურზე.

ეს ტერმინი დაკავშირებულია საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების ერთობლიობასთან, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში ჯგუფდებიან და ასე ჯოგის სახით მოძრაობენ საფრთხის ჩავლამდე. ჯოგური ქცევა ადამიანებს შორისაც ხშირ შემთხვევაში პანიკური სიტუაციების დროს იჩენს თავს. კრიზისულ სიტუაციებში, მაგალითად ხანძრის, წყალდიდობის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის დროს ადამიანები ძირითად შემთხვევებში სხვა ადამინების ქცევებს იმეორებენ, მოძრაობენ სწრაფად და უკონტროლოდ და უგულებელყოფენ იმ ალტერნატიულ სტრატეგიებსა და გზებს, რისი საშუალებითაც კატასტროფას უფრო მარტივად დააღწევენ თავს, სამშვიდობოს უფრო მარტივად და უვნებლად გავლენ.

ჯოგური ქცევა ასევე დამახასიათებელია მასობრივი თავშეყრის ადგილებში: სახალხო დემონსტრაციების, რელიგიური თავშეყრის, სპორტული მატჩების და ა.შ. დროს, სადაც ადამიანები ძალიან მარტივად ხდებიან პოლიტიკური თუ რელიგიური მანიპულაციების მსხვერპლნი და ჯგუფის გავლენით აკეთებენ ან ამბობენ ისეთ რამეს, რაც სხვა შემთხვევაში შესაძლოა, საერთოდ არ გაეკეთებინათ ან ეთქვათ.

არსებობს ორი მოსაზრება, რომელიც ხსნის, თუ რატომ ხდებიან ადამიანები ჯოგური ქცევის „მსხვერპლი“. პირველი არგუმენტის მიხედვით, ჯოგური ქცევა არის სოციალურ წნეხთან გამკლავების ერთგვარი მცდელობა. ყველა სურს, იყოს გარკვეული სოციუმის ნაწილი და ამ სოციუმის წევრების მიერ აღიარებული და მიღებული, შედეგად, მათი ქმედებები გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ამ სოციუმის ქცევებითაა ნაკარნახევი. მეორე არგუმენტი პირველთან შედარებით უფრო რაციონალურია და უმრავლესობის პრინციპს ეფუძნება. ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც დაბალი თვითშეფასება, ან მწირი გამოცდილება აქვთ, თვლიან, რომ  თუ გააკეთებ იმას, რასაც აკეთებს ყველა დანარჩენი, ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ.

ჯოგური ქცევა და ფინანსური ბაზრები  

ჯოგური ქცევა უცხო არც ფინანსური სექტორისთვისაა. არსებული გარემოცვის ზეგავლენით ინვესტორთა ქცევა ხშირ შემთხვევაში უკონტროლო ხდება, რადგან გადაწყვეტილებების მიღებისას ბრმად მიჰყვებიან არსებულ ტრენდებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ფინანსური ბაზრების მონაწილეებს შორის სოციალური ინტერაქცია ძალიან მაღალია. გასული ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო არაერთხელ ყოფილა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ეკონომიკური თუ ფინანსური კრიზისების წინაშე, რისი მიზეზიც ყოველთვის იყო სხვადასხვა ფინანსური აგენტების ძლიერი ცდუნება აჰყოლოდნენ საზოგადო ისტერიას  და გადაწყვეტილებები მიეღოთ არა სწორ ფინანსურ სტრატეგიებზე, არამედ ემოციებზე დაყრდნობით.

მსოფლიოს მთავარი ფინანსური თუ ეკონომიკური კრიზისების საფუძველი სწორედ ჯოგურ ქცევაში უნდა ვეძებოთ. სხვადასხვა ეპოქასა და რეალობაში არსებული ფინანსური აგენტების გაუაზრებელი ქმედებების შედეგია ისეთი მასშტაბური და დამანგრეველი კრიზისები, როგორიცაა:

  • ტიტამანია მე-17 საუკუნის ნიდერლანდები, როდესაც ტიტის ბოლქვებით ვაჭრობა ეპიდემიასავით მოედო მთელ ქვეყანას. ეს იყო პირველი სპეკულაციური ფინანსური ბუშტი დასავლურ სამყაროში, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი და სერიოზული კრიზისის წინაპირობა აღმოჩნდა;
  • გიჟური 20-იანები წინა საუკუნის ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში, რომელსაც შემდგომში მოჰყვა დიდი დეპრესიის პერიოდი;
  • ინტერნეტ ბუშტი მე-20 საუკუნის დასასრულს და 21-ე საუკუნის დასაწყისში, როდესაც მასობრივად დაიწყო ინვესტიციების ჩადება ინტერნეტ კომპანიებში;
  • გლობალური ფინანსური კრიზისი 2007-2008 წლებში, როდესაც აშშ-ს უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ბუშტი გასკდა;
  • ასევე აღსანიშნავია ბიტკოინის მიმდინარე საზოგადო ისტერია, რომელიც გაურკვეველია კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება და როგორი შედეგები ექნება.
ქვემოთ მოცემული ილუსტრაცია გვიჩვენებს მსოფლიოს მთავარი ფინანსური და ეკონომიკური კრიზისების ქრონოლოგიას:

                       

ბოლო ათწლეულების განმავლობაში უამრავი ექსპერიმენტი ჩატარდა და არაერთი ჰიპოთეზა ჩამოყალიბდა ფინანსურ გადაწყვეტილებებსა და ჯოგურ ქცევას შორის არსებული კავშირის დასადგენად.  არსებობს კიდევაც ქცევითი ეკონომიკის ერთ-ერთი მიმდინარეობა – ქცევითი ფინანსები. ეს არის ახალი პარადიგმა ჩვენს რეალობაში, რომლის მიზანიც არის ბაზრის მონაწილეების ქცევების შესწავლა მათ მიერ დაშვებულ შეცდომებზე დაყრდნობით. ქცევითი ფინანსების მთავარი დაშვება ის არის, რომ ინდივიდუალურ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს როგორც უშუალოდ ფინანსური ბაზარი, ისე ამ ბაზრის მონაწილეთა მახასიათებლები და მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. გარდა ამისა, არსებობს არაერთი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ინდივიდების გადაწყვეტილებებზე და ჯოგური ქცევა არის ერთ-ერთი მათგანი.

2016 წელს CFA-ის ინსტიტუტმა თავის მკითხველებსა და მისი ასოციაციის წევრებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანიც იყო გაეგო სხვადასხვა ქცევითი ფაქტორებიდან რომელი ახდენდა ყველაზე დიდ გავლენას მათ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. გამოკითხვაში მონაწილეობა 724 ადამიანმა მიიღო მსოფლიოს მასშტაბით და შედეგებმა ცხადყო, რომ გამოკითხულთა 34% გადაწყვეტილებების მიღებისას მათი კოლეგების ზეგავლენის ქვეშ ექცევა და მიჰყვება არსებულ ტრენდებს. ქვემოთ მოცემულია დიაგრამა, რომელზეც სრულად არის წარმოდგენილი გამოკითხვის შედეგები.

                            
ზემოთ მოყვანილი მაგალითები ცხადყოფს კოლექტიური გადაწყვეტილებების არსებობას ფინანსურ ბაზრებზე. ჯოგური ქცევის არსებობის მთავარი მიზეზი ასიმეტრიული ინფორმაციაა, რაც ნიშნავს იმას,  რომ ამ ბაზრების მონაწილეებს სხვადასხვა სახის და მოცულობის ინფორმაციაზე აქვთ წვდომა. ეს ფაქტი თავისთავად ფინანსური აგენტების ერთ ნაწილს მეტად პრივილეგირებულ, ხოლო მეორე ნაწილს ნაკლებად პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს, რაც არასაკმარისი ინფორმაციის მქონე ზოგიერთ აგენტს უბიძგებს არ დაეყრდნონ მის ხელთ არსებულ ინფორმაციას და სხვების ქცევის იმიტირება მოახდინონ. ამრიგად, ჯოგური ქცევის არსებობა პირდაპირ არის დაკავშირებული ფინანსურ ბაზრებზე არსებულ ინფორმაციასთან და ამ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობასთან. სწორედ ამიტომაა, რომ განვითარებადი ბაზრებისაგან განსხვავებით, განვითარებული ბაზრებისთვის, სადაც ინფორმაციის ხარისხი და კონცენტრაცია შედარებით მაღალია, ჯოგური ქცევა ნაკლებადაა დამახასიათებელი.

წარსულ მაგალითებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება შეცდომებზე ვერ სწავლობს და მუდმივად იმეორებს ისეთ ნაბიჯებს, რომლებსაც კოლაფსამდე მივყავართ. მაშ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, იმისათვის, რომ არ გავხდეთ საზოგადო ისტერიის ნაწილი და მივიღოთ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

  • პირველ რიგში საჭიროა სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და სათანადო ანალიზი. სხვა შემთხვევაში გაგიჭირდებათ რაციონალური გადაწყვეტილების მიღება;
  • შეეცადეთ, რომ მიჰყვეთ საკუთარ ინსტინქტებს და არ მოექცეთ სხვა ადამიანების ზეგავლენის ქვეშ;
  • არ დააბანდოთ ფული იმ საქმეში, რომელიც არ გესმით, როგორი ტრენდულიც არ უნდა იყოს ის;
  • შექმენით ფინანსური აქტივებისა და ინსტრუმენტების ფართო პორტფოლიო. ეს საშუალებას მოგცემთ მინიმუმამდე შეამციროთ თანმხლები რისკი.
 გისურვებთ წარმატებებს და გახსოვდეთ:

„თუ ერთსა და იმავე სისულელეს 50 მილიონი ადამიანი იმეორებს, ის მაინც სისულელედ რჩება“. – უილიამ სომერსეტ მოემი

წყარო: savvy.ge

თარიღი: 2019/02/28