მამუკა ხაზარაძე: მილიარდი ლარის ინვესტიციას ბადრის და მამუკას მილიონ ლარში ცვლიან
„ჩვენ გამოვცხადდით სასამართლოში, როგორც მოგვმართეს", - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა სასამართლოში შესვლამდე, სადაც ბადრი ჯაფარიძესთან ერთად მივიდა:

„მინდა გითხრათ რამდენიმე ფაქტი: პირველი - პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მე და ბადრი ჯაფარიძე TBC ბანკს და ანაკლიის პორტს ვეფარებოდით იმისთვის, რომ იმუნიტეტად გამოგვეყებინა ეს უზარმაზარი კომპანია, რომელიც ჩვენვე შევქმენით.

ამ უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად ქვეყნის საზიანო ქმედებებიდან გამომდინარე, რომელმაც არამარტო საქართველოში, არამად მთელ მსოფლიოში მოჭრა ქართულ საინვესტიციო გარემოს თავი, ჩვენ ბოლო 6 თვის განმავლობაში 2-ჯერ მოგვიწია გადადგომა.

მეორე გადადგომა თქვენ იცით, რომ გუშინ განვახორციელეთ. ეს მას შემდეგ, როცა 98 %-ით აგვირჩიეს ჩვენმა ინვესტორებმა. ამას მოყვა ის ფაქტი, რომ 5წუთიანი დოკუმენტისა და მასალის გადმოსაცემად პროკურატურამ ჩაატარა მესამედ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრიფინგი, რომელმაც ქართულ ეკონომიკას დააკარგინა მყიფე საინვესტიციო გარემო, ინვესტორები და ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე არიან, დააკარგვინა მილიარდი ლარი.

პროკურატურის უნიჭო განცხადებით, ისევე როგორც 6 თვის წინ, ქვეყანას უზარმაზარი ზარალი მიადგა. დღეს ჩვენ აქ მოვედით. პრესიდან გავიგეთ, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ, ეს არის დღევანდელი მთავრობის და პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდი ლარის ინვესტიციას, ბადრის და მამუკას მილიონ ლარში ცვლიან”,-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.

“თიბისი” ბანკის დამფუძნებელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოში მივიდნენ, სადაც მათი გირაოს რაოდენობაზე უნდა იმსჯელონ. სასამართლო პოცესი დღეს, 16:00 სათზეა ჩანიშნული. პროკურატურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, სავარაუდოდ, მილიონ-მილიონ ლარს მოითხოვს.

ავტორი:
თარიღი: 2019/07/26