ბადრი ჯაფარიძე: ისეთივე აბსურდული ბრალდებაა, როგორიც ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრა
„ეს ბრალდება ისეთ ბრალდებას უტოლდება, როგორიც ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრაა", - ამის შესახებ “თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა:

„საბოლოო ჯამში, ეს აუცილებელი პროცესია, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავიაროთ. იმიტომ, რომ ეს უნდა გახდეს შემოტრიალების პროცესი ჩვენი ქვეყნისათვის. იმიტომ, რომ ასეთი აბსურდული ბრალდება, ყოვლად დაუსაბუთებელი, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა. ეს ჩემი აზრით უტოლდება ისეთ ბრალდებებს, როგორიც არის ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრა”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ასევე, მათ საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე, საქართველოს დატოვება აეკრძალათ.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის გირაოს სახით 1-1 მლნ ლარის შეფარდებას ითხოვდა.

თარიღი: 2019/07/26