მამუკა ხაზარაძე: ქვეყანა ჭაობაშია და ეს შეიცვლება - გპირდებით!
დღეს მე დავინახე სრული ჭაობი და კარგია, რომ ეს ჩემს თავზე დავინახე, - ამის შესახებ “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა:

„არის ასეთი გამოთქმა - „ზოგი ჭირი მარგებელია“. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არ ვიცი, ალბათ, საბედნიეროდ, მე დღეს ვიყავი აქ და კარგად დავინახე, თუ რა ჭაობშია ქვეყანა. ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით და არ ვსაუბრობ როგორც „თიბისი ბანკის“ თავმჯდომარე ან - ანაკლიის თავმჯდომარე. რადგანაც შეკავებული ვიყავი მე შეფასებებში, გამომდინარე იქედან, რომ ჩემს უკან ათი ათასი თანამშრომელი, გუნდის წევრი დგას, დეპოზიტარები, ბანკები და ა.შ. ყოველთვის ვცდილობდი, რომ არ გადამელახა ის, რაც გულში მქონდა და რის თქმასაც ვაპირებდი. მნიშვნელოვანია, რომ ემოციური განცხადების და შენი პოზიციის გამო ვიღაცის ინტერესი არ დააზიანო. დღეს მე დავინახე სრული ჭაობი და კარგია, რომ ეს ჩემს თავზე დავინახე. მე დავინახე უცოდინარობის პიკი პროკურატურის მხრიდან. ეს ადამიანები გულწრფელად მეცოდებიან, ახალგაზრდა ადამიანები. ერთ-ერთი გოგონა, რომელსაც შეუძლია 5-წუთიანი ბრიფინგით საქართველოს ეკონომიკას ცელი გამოუსვას და მილიარდი ლარის ზარალი მიაყენოს, ამაზე კი არანაირ სირცხვილის გრძნობას არ განიცდის და არავინ მას ამისთვის პასუხს არავინ სთხოვს. ეს არის კატასტროფა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანა არ გვაქვს, სტრუქტურები არ გვაქვს, ინსტიტუციები მოშლილია. მინდა გითხრათ, რომ ეს ინსტიტუციები არის აბსოლუტურად თავიდან ასაშენებელი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ამის საწინააღმდეგოდ ბრძოლას აპირებს:

„გპირდებით, რომ ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს, ეს ჭაობი შეიცვალოს - ერთი კვირის წინ გამოვაცხადე ორგანიზაციის დაფუძნება, საზოგადოებნრივი მოძრაობის, რომელიც იქნება ძალიან აქტიური, ძალიან დიდი და მის გეგმებს მალე გაიგებთ. ეს იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი, ეს იქნება აბსოლუტურად ახალი თაობა და ახალი პროფესიონალური ძალა. რომელსაც უყვარს საქართველო, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, არ უნდა რუსული ორიენტაცია, ვინც ებრძვის ოკუპაციას და უნდა, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ შედგეს წარმატებულ ქვეყნად. იქ ნეპოტიზმს და კლანურ მმართველობას, ერთპიროვნულ მმართველობას არ ჰქონდეს ადგილი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს ქვეყანას ერთი პირი მართავს:

„ეს ერთი პირი თქვენ იცით ვინც არის; ეს არის დირიჟორი, რომელსაც ძალიან ცუდი, უცოდინარი შემსრულებლები ჰყავს. გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. მათგან განსხვავებით პიროვნულად კი არ მაქვს ბოღმა ჩადებული გულში, მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს, ეს ჭაობი შეიცვალოს; ახალგაზრდა, ნიჭიერ ხალხს მიეცეს საშუალება თავისუფალი გადაწყვეტილების, მოსამართლეები იყვნენ თავისუფლები, პროკურორები იყვნენ კანონმორჩილები და კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ. ეს სისტემა, გარანტიას გაძლევთ, დაინგრევა ძალიან მალე. ესენი სახლში წავლენ და ყველა გონს მოეგოს. ამას არ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ დღეს გირაო დამადეს. თურმე 650 მილიონი უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში და 700 ათასი ლარით გამაჩერეს, რომ ქვეყნიდან არ წავიდე. ეს არის სირცხვილი! ყველას გპირდებით, რომ ეს დამთავრდება ამ ქვეყანაში და იმ მოტყუებულმა ხალხმა, რომლებმაც ვიფიქრეთ 2012 წელს, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვალა, მივიღეთ აბსოლუტურად მეორე უკიდურესობა. ორი უკიდურესობის მსხვერპლი აღმოვჩნდით ჩვენ. ეს დამთავრდება“- განაცხადა ხაზარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ასევე, მათ საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე, საქართველოს დატოვება აეკრძალათ.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის გირაოს სახით 1-1 მლნ ლარის შეფარდებას ითხოვდა.

თარიღი: 2019/07/26